თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე ეხმიანება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აუცილებელია კოალიციური მთავრობა.
დოლიძის შეფასებით, “აშკარაა, სალომე ზურაბიშვილი თანდათან დისტანცირდება „ქართული ოცნებისგან“ და ადგება გიორგი მარგველაშვილის გზას”.
“სხვაობა ისაა, რომ ეს ხდება უფრო გვიან. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა დაიკავოს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა და ჩამოშორდეს პარტიული წარმომადგენელის ფუნქციას,“ – აცხადებს ანა დოლიძე.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინმემ მოამზადოს მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა კოალიციური მმართველობის იდეისათვის.
“როდესაც ამგვარი განცხადებები კეთდება ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის პრეზიდენტი, მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა ქვეყნისთვის. კოალიციური მმართველობის თემა ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მოუმზადებლად შემოვიდა. რას ნიშნავს კომპრომისები, დათმობა და მოლაპარაკება დღევანდელ პოლიტიკურ ელიტებს არ ესმით. ამიტომ როდესაც პრეზიდენტი მიუთითებს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსებს მოუწევთ კოალიციური მმართველობის იდეაში გათვითცნობიერება”,- აღნიშნავს ანა დოლიძე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგული გამოცემასთან „კვირის ჟურნალი“ (JDD) ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობის ფორმირება აუცილებელია.