სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს. ამის შესახებ, პრეზიდენტმა რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  სადაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით,  განხილული უნდა იქნას 3-თვიანი ვიზების დაწესება.

  • “დრო არის, რაც არაერთხელ მოვითხოვე, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს პირიქით, 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭიროა ჩვენთვის თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე, მეტი კონტროლია სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია, რომ რაღაც ზომები იყოს მიღებული იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში. ვართ ტოლერანტი ქვეყანა, ყველას ვიღებთ, ეს გამოჩნდა ბოლო 1 წელში, მაგრამ რაღაცებია, რაც არ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა არის პროვოკაცია, რომელიც საზოგადოების მხრიდან დიდ რეაქციას გამოიწვევს.

“საზოგადოებას კარგად ესმის, რომ როდესაც რუსეთი ასეთ ნაბიჯებს დგამს, რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ისტორიაზე და ყველა მაგალითზე რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს პასუხობს დათმობით, პასუხობს იმით, რაც გაართულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი ქცევის მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებას ხელი მოაწერა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი საერთაშორისო სიგნალია – საქართველო თქვენი (დასავლეთის/უკრაინის) მოკავშირე არ არის და თავს ნუ შეიწუხებთ რუსეთის გავლენის სფეროში ცხვირის ჩაყოფისაგანო;

”რუსეთმა უვიზო გააუქმა საქართველოსთან და ფრენებს აღადგენსო. არადა რუსეთის მოქალაქეები გამორბიან იქიდან იმის შიშით ჯარში არ გამიწვიონ და დახოცილ “ვაგნერელთან” ერთად პრიგოჟინმა არ იპოზიოროსო ჩემს წინო. რეალურად ეს სხვა რამეს მიუთითებს:

1. პოლიტიკური სიგნალია ხელისუფლებისათვის – მოკავშირედ აღგიქვამ და გაჯილდოებო;

2. პოლიტიკურ-ეკონომიკური სიგნალია – საქართველოს მარგინალურ ხიდად გამოყენება სურთ. გავლენიან ტიპებს დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობისას ერთ-ერთ დერეფნად თუკი კვიპროსი მიაჩნდათ ახლა საქართველოს გამოყენებასაც არ მოერიდებიან;

3. საერთაშორისო სიგნალია – საქართველო თქვენი (დასავლეთის/უკრაინის) მოკავშირე არ არის და თავს ნუ შეიწუხებთ რუსეთის გავლენის სფეროში ცხვირის ჩაყოფისაგანო;

4. ეკონომიკური სიგნალია – რუსეთი ცდილობს საქართველოს შუა აზიის რესპუბლიკების მსგავსად გადაქცევას – მაქსიმალური ეკონომიკური დამოკიდებულების შექმნას, სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტების რუსიფიკაციასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას.

ახლა, ამის საპასუხოდ ყველაზე კარგი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსი უნდა იყოს, რომელიც შეიძლება არც კი ეკუთვნის ხელისუფლებას, მაგრამ ნამდვილად ეკუთვნის ხალხს. მოტივაციისათვის ამაზე კარგი პოზიტიური სიგნალი არაფერი იქნებოდა”.-წერს კობერიძე.