სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს, – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” დამფუძნებლის გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას, შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში.
“ამერიკის ხმის” შეკითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებს ის ამ ნაბიჯს, სენატორი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.
“მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული, დღეს ბატონი გორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა, არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა.
მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე“, – აცხადებს სენატორი.
გიორგი რურუა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების გამო. გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს.
ეს პირველი განცხადება არაა, რომელიც სენატორმა რიშმა აღნიშნულ საკითხზე გააკეთა. 12 მაისს მან საქართველოს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„მე მოველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ“, – ნათქვამია სენატორის მაშინდელ განცხადებაში.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების შუამავლობით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმება გულისხმობს, 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტი არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემით გამართვას. პარლამენტის პროპორციული წესით არჩეული – 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული – 30 დეპუტატით ფორმირებას.
ამასთან, მხარეები 8 მარტს, მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზეც შეთანხმდნენ. ოპოზიციის განმარტებით, შეთანხმების ეს ნაწილი უგულავას, რურუას და ოქრუაშვილის გათავისუფლებას გულისხმობდა, ხოლო მთავრობა ამას უარყოფდა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გიორგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ შეთანხმების სრულად შესრულებისთვის საპატიმრო გიორგი რურუასაც უნდა დაეტოვებინა.
წყარო : ამერიკის ხმა