სამადაშვილი: შევთანხმდით, რომ ამნისტია ვერ შეეხება კონვენციით დაცულ მუხლებს

ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის შემდეგ სალომე სამადაშვილი ამობბს, რომ შეთანხმდნენ, რომ ამნისტიის კანონი ვერ შეეხება იმ პირებს, ვისაც კონვენცია დარღვეული აქვს.

მისივე განცხადებით, მხარეებს შორის გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა.

“ვფიქრობ, კონკრეტულ შედეგზე საუბარი ადრეა, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შეხვედრა. თქვენ იცით, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია, მოვისმინეთ, როგორ ესახება ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა “ქართული ოცნების” მხარეს და დღეს იყო უფრო პოზიციების დაფიქსირება მხარეების მიერ, ვიდრე რაიმე შეთანხმებაზე საუბარი.

თუ შეიძლება ითქვას, რომ ერთი საკითხი, რომელზეც მარტივად შევთანხმდით, ეს არის ის, რომ ამნისტია ვერ შეეხება იმ მუხლებს, რომლებიც არის კონვენციით დაცული, ეს თავისთავადაც ასეა. თუმცა შეიძლება განვიხილოთ ამნისტიის კანონში კიდევ ერთხელ დაზუსტებით ჩაწერა, რადგან ეს სწორედ ის საკითხია, სადაც არ არის აზრთა სხვადასხვაობა”, – განაცხადა სამადაშვილმა.