პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქუთაისში ნამახვანჰესის აქციასა და თბილისში მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს ეხმიანება და ამბობს, რომ ამ ორს შორის უფსკრულია.
“რა უფრო მნიშვნელოვანია – ის რაც ხდება ქუთაისში, თუ ის რაც ხდება თბილისში?
რა აკავშირებს და რა ყოფს ამ ორ პროცესს?
ერთი მხრივ, არის ხალხი, რომელიც ქუჩაში იცავს მისთვის უაღრესად მნიშვნელოვან ფასეულობას. მეორე მხრივ, მათგან იზოლირებული კაბინეტებში ჩაკეტილი “არისტოკრატია” არკვევს, რომელი წარმოადგენს იგივე ხალხს.
პირველი ასახავს სახელმწიფოებრივ კრიზისს, მეორე პოლიტიკურს. თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფალი მსახურია, თქვენთვის დღეს მთავარი ქუთაისია. თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფალი ბატონია, თქვენთვის მთავარი დღეს თბილისია. სამწუხარო ის არის, რომ დღეს თბილისსა და ქუთაისს შორის უფსკრულია…”,– წერს ხუხაშვილი Facebook–ზე.
ცნობისთვის, ქუთაისში ამ წუთებში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას და ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ.
შარლ მიშელის წარმომადგენელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. მანამდე მან შეხვედრა ქართული ოცნების ლიდერებთან გამართა.