სანაია უცნობს: ძალადობის მხარეს დგომას არასდროს ექნება მხარდაჭერა

ვახო სანაია ეხმიანება მასზე თავდასხმაში ბრალდებულების მხარდასაჭერად სასამართლოსთან უცნობისა და მისი თანამოაზრე რამდენიმე ადამიანის მისვლას.

ტელეწამყვანის თქმით, უცნობი ამ ამბავს სათავისოდ იყენებს, თუმცა ძალადობის მხარეს დგომას მხარდაჭერა არასდროს ექნება.

“ოჯახის წევრებზე ერთ გადაბრუნებულ სიტყვასაც არ ვიტყვი დღეს, რადგან ბრალდებულების პროცესზე არიან მისული. უცნობი იყენებს თქვენს ამბავს. რო რამე, თვალითაც ვერ ნახავთ, ტელეფონსაც არ უპასუხებს.

ჩვენ არ ვგავართ ხელისუფლებებს, რომლებიც თავებს ითვლიან. ერთი კაცის პროტესტიც პროტესტია, მაგრამ არა ხართ მართლები. ესაა თქვენი პრობლემა. ძალადობის მხარეს დგომას არასდროს ექნება მხარდაჭერა. სხვა რამეზე გადის დანაშაულის გამოსყიდვა და თქვენი უტიფრობა – სასჯელის მოხდაზე. არ მოგცემთ საშუალებას, ბოროტებამ გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში. ხელისუფლებას ვეუბნები პირველ რიგში.

ასე რომ, ვინ რჩება მანდ ორკვირიანი სამარცხვინო კამპანიის შემდეგ: ხელისუფლების ლაქია და საშოვარზე გამოსული უცნობი, მეორეხარისხოვანი როლის ცუდად შემსრულებელი ჯაპანა და ხელმოცარული ვატო შაქარაშვილი”,– წერს სანაია Facebook–ზე.

საქალაქო სასამართლო ვახო სანაიაზე თავდამსხმელების საქმეების არსებით განიხილვას იწყებს.

ადგილზე მივიდა მომღერალი გია გაჩეჩილაძე და მათი გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, არ სჯერა ტელეწამყვან ვახო სანაიასი. მან ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქციებიც დააანონსა.