სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა – არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვახო სანაიაზე და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმაზე სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს.
“სამწუხაროა, რომ მწვავე საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო არ იცავს მედიის წარმომადგენელთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკულ მედიასთან. ისინი სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს და ახალისებენ მედიაზე მორიგ თავდასხმებს.2021 წლის 5 ივლისიდან, მას შემდეგ რაც თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგა. ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას სათანადოდ შეისწავლოს ჟურნალისტების დაშინების თითოეული მცდელობა და გადაწყვეტილება მიიღოს პოლიტიკური მოტივების გარეშე. სამწუხაროა, რომ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა.მიგვაჩნია, რომ მოსამართლის ზეპირი მითითება, რომლითაც თითქოსდა კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატს შეეზღუდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, წარმოადგენს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში დაუსაბუთებელ ჩარევას. ეს შემთხვევა არის საშიში მცდელობა ჟურნალისტები დარჩნენ სამართლებრივი დახმარების გარეშე, უფლებადამცველებს კი აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მედიას”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ :
- მედიაკლუბი
- მედიის განვითარების ფონდი
- მედიის უფლებები
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
- სატელევიზიო ქსელი
- სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია – GRMA
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- უფლებები საქართველო
- ღია საზოგადოების ფონდი OSGF
ცნობისთვის, ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა საპატიმრო დღეს 25 აგვისტოს დატოვეს. სამივე მათგანს მოსამართლემ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, ეს ვადა კი დღეს ამოიწურა.