სანამ “აგენტების” სხვაგან ძებნას დაიწყებთ, თქვენი თანაგუნდელების ბიოგრაფიებით ხომ არ დაინტერესდებოდით? – “სირცხვილია” პაპუაშვილს პასუხობს

სანამ “აგენტების” სხვაგან ძებნას დაიწყებთ, თქვენი თანაგუნდელების ბიოგრაფიებით ხომ არ დაინტერესდებოდით? – ასე პასუხობს, მოძრაობა “სირცხვილია”  პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას.

  • “შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili სანამ “აგენტების” სხვაგან ძებნას დაიწყებთ, თქვენივე გუნდის წევრების ბიოგრაფიებით ხომ არ დაინტერესდებოდით?
    ასე მაგალითად: ირაკლი კობახიძე, 2006-2014: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და მენეჯერი  თავად თქვენ, 2017-2020: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი
    სოზარ სუბარი, 1995-2000: ლონდონის “ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის” კორესპონდენტი და IREX-ის კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი;
    ბიოგრაფიების შესწავლისას შემთხვევით წავაწყდით: რამინა (რიმა) ბერაძე: 1985-1991 რაიკომის მდივანი” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “უცნობია, ვისგან ფინანსდება, მაგალითად, ძალადობრივი მოძრაობა ”სირცხვილია”.

  • “მაგალითად ორგანიზაცია სირცხვილია, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც არაერთხელ სწორედ ძალადობრივი ქმედების გამო იქნენ სამართალდამრღვევად ცნობილები მათი წარმომადგენლები და ვიცით, რომ ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებული, ვიცით გარკვეული განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ვიღაცებისგან ფინანსდებოდა, თუმცა არ არის ცნობილი, ვინ არის მათი დამფინანსებელი, საზოგადოებისთვის არ არის ეს ცნობილი, შედით მათ ვებგვერდზე და ნახავთ, [რომ არ არის]” – განაცხადა პაპუაშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ სირცხვილიას დამფინანსებლების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია მოძრაობის ვებგვერდზე. ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ თავად სირცხვილიას ორგანიზატორებსაც. მათ რამდენიმე ორგანიზაცია აფინანსებს, მათ შორის: National Endowment for Democracy (NED); European Endowment for Democracy (EED); Open Society Georgia Foundation და Helsinki Foundation for Human Rights.