“სანამ ხელისუფლების ჯამბაზებს მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში, მშვიდად ვერ ვიქნებით “- ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”დღევანდელი დღე საწინდარია იმის, რომ კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო ისტორიის ფურცლის დაწერის ნაცვლად ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა საამაყო ფურცელს დაწერს. ეს თქვენ დაამტკიცეთ, მოყვარესაც დაუმტკიცეთ და მტერსაც. მეორე ემოცია, რაც იმ ემოციაში ირევა ეს არის იმედი და რატომ იმედი? იმიტომ, რომ ის, რაც უკვე მოხდა, მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით, მაგრამ დღევანდელობას შევცვლით თქვენი სიმრავლით, სიმტკიცით და თქვენი სიმართლით, ამ ყველაფრით შეცვლით დღევანდელ რეალობას. კიდევ ერთი ემოცია, რომელიც აქ ირევა არის სოლიდარობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მანამ, სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს…
ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ციხეში და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის გარეთ არ გამოვა, არა როგორც ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, სულისჩამდგმელი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, არა როგორც მხოლოდ დიდი პოლიტიკოსი, როგორც პირველ რიგში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი” – განაცხადა მელიამ.