სანქციების გამო, „ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს

მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს. კომპანია მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომსა და დაწესებულ სანქციებს ასახელებს.

“ბორჯომს” ომის გამო პროდუქციის რეალიზაცია გაურთულდა, ხოლო საბანკო ანგარიშებზე შეზღუდულმა წვდომამ კომპანიას სავალუტო შემოსავლების მიღება და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა ჩაუკეტა.

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, – ნათქვამია IDS ბორჯომის განცხადებაში.

კომპანია იმედს იტოვებს, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა მიეცემა.

”IDS ბორჯომის” საკონტროლო  60%-იან პაკეტს, სანქცირებული რუსი ოლიგარქი ფლობს