საქართველოს საპატრიარქო თბილისში, ისანში, მის კუთვნილებაში არსებულ მიწაზე, ეკლესიის და 2 მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. საპატრიარქო მიზეზად სოციალური პროექტს ასახელებს, კერძოდ ტაძრებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას.
ბერი გაბრიელ სალოსი დაიბადა თბილისში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად, ნავთლუღში. სწორედ ამ მოტივით 2016 წელს დედაქალაქის იმჟამინდელ მერს, დავით ნარმანიას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მიმართა – რომ ბერი გაბრიელის უბანში, ამავე ბერის სახელობის ტაძრის ასაშენებლად ძველი საქვაბის ტერიტორია თითქმის 6 ათასი კვადრატული მეტრი მიწა საპატრიარქოსთვის გადაეცათ. მოთხოვნას იაკობმა თან დაურთო იმ ეკლესიის ესკიზი, რომელიც ერთ ლარად მიღებულ მიწაზე უნდა აეგოთ.
ნარმანიამ საპატრიარქოს წინა საარჩევნო პერიოდში მიწა გადასცა, პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოიწონა და წინამოსამზადებელი სამუშაოების დაწყების ნებართვა გასცა. წლების განმავლობაში ისანში წულაძის 23 ნომერში იდგა შესაწირიც, სადაც გარკვევით ეწერა, რომ აქ აშენდება ბერი გაბრიელის სახელობის ტაძარი.
საპატრიარქომ ნაჩუქარ მიწაზე მერიას კიდევ ერთხელ, ისევ წინასაარჩევნოდ, ამჯერად უფრო მასშტაბური პროექტითა და მოთხოვნით მიმართა. ახალი გეგმის მიხედვით, ბერი გაბრიელის სახელობის ტაძარი დაპატარავდა და მის უკან მრავალბინიანი კორპუსები ამოიზარდა. მერიამ იდეა კიდევ ერთხელ მოიწონა და ამჯერად კახა კალაძემ გასცა მშენებლობის წინა ნებართვა, რომ საპატრიარქომ მოამზადოს პროექტი და არქიტექტურის სამსახურს განსახილველად წარუდგინოს.
დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ავლაბარში მთავარანგელოზის ქუჩაზე ძველ ეკლესიაში მცხოვრები 25 ოჯახისთვის, საერთო ჯამში, კორპუსებში 250 ბინა და 1500 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი განთავსდება, პროექტი 8 მილიონი ლარი ჯდება და მოგება, სავარაუდოდ, 16 მილიონია.
საპატრიარქოს დაქირავებულმა უსახელო კომპანიამ უკვე დაანგრია ძველი საქვაბე, ადგილიდან გაიტანეს სამშენებლო ნარჩენი, ტერიტორია კი შემოღობეს.
ვისთვისაა განკუთვნილი ეს ბინები და ვისი ბიზნესები განთავსდება კორპუსებში, უცნობია. იმის გასარკვევად, აქვთ თუ არა ინფორმაცია იმ ოჯახებს, რომელთა შესახლების მოტივითაც საპატრიარქო სამშენებლო ბიზნესს იწყებს, “ფორმულა” ავლაბარში, ძველ ეკლესიაში მცხოვრებლებს ესაუბრა.
გაირკვა, რომ აქ მცხოვრები ოჯახების ნაწილთან სიტყვიერი შეთანხმებაც კი არ არის მიღწეული, თუმცა საპატრიარქომ მიწა უკვე შემოღობა და ამ ხალხისთვის ასაშენებელი ბინებისთვის მზადება დაიწყო.