სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები – დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წარდგენილ ბრალდებაში მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ვინაიდან დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას თავს არიდებდნენ, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. ბრალდებულებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები – დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ი.პ., ლ.ქ. ზ.გ. და ე.გ. იმყოფებოდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.

მიზნის მისაღწევად, 2018 წლის 22 თებერვალს, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით – ი.პ., ლ.ქ., ზ.გ. და ე.გ. გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, საიდანაც არჩილ ტატუნაშვილი წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში.

ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

ვინაიდან დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი თავს არიდებდნენ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წამებაში დახმარება, ესე იგი პირისათვის ისეთ მოპყრობაში დახმარება, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა) და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და “გ” ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ.

ბრალდებულებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.