“რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, სასამართლომ “რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაადო.
მისივე ინფორმაციით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა რუსთავი 2-ის მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ქიბარ ხალვაშის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ.
,,კოჟორიძე და იურისტები“ საადვოკატო მომსახურებას უწევს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო „რუსთავი 2“-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება სრულად.
ჩვენ ასევე ვითხოვდით „რუსთავი 2“-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ „რუსთავი 2“ დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს“, – წერს კახა კოჟორიძე Facebook–ზე.