„რისი თქმა უნდოდა ხელისუფლებას სააკაშვილის ვიდეო მასალის ჩვენებით, არ არის საიდუმლო. იუსტიციის მინისტრი ეთერიდან გვიხსნიდა როგორ უნდა გავიგოთ, რა უნდა დავინახოთ, რა არა.
მათი მომხრეების, დაქირავებული „ტროლების“ „პოსტები“, კომენტარები, სხვების „კედლებზე“ შემოვარდნები ნათლად გვაჩვენებს ხელისუფლების გზავნილების უსუსურობას.
სინამდვილეში არაფერი, აბსოლუტურად არაფერი გვინახავს გუშინ იმისგან განსხვავებული, რაც ისედაც ვიცოდით. ექს-პრეზიდენტი ავადაა და სერიოზული სამედიცინო ჩარევა და დახმარება ჭირდება.
ამასობაში რადგან კადრები აგვისტო-დეკემბრით თარიღდება, ამ კადრებით ისიც ვნახეთ, რომ მისი მდგომარეობა უარესდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გარე ჩარევის აუცილებლობას. აგვისტოდან დეკემბრამდე ვერაფრით დაეხმარა მას ის სამედიცინო მხარდაჭერის სისტემა, რომელსაც “ვივამედი” და შესაბამისად სახელმწიფო სთავაზობს.
როგორც ყოველთვის, თავად აიჭრა და აირია ხელისუფლება საკუთარ პროპაგანდაში.
არადა, თუკი რამე აქვთ სათქმელი, სასამართლოზე უნდა მოიყვანონ პატიმარი, რომელზეც მორიგ ჯერზე გვითხრეს სიმულიანტობს და იტყუებაო.
შანტაჟი, პიროვნების დეჰუმანიზაცია, არ არის სახელმწიფოს ფუნქცია, ეს ველურობის ნიშანია. გუშინდელი ვიდეოს ჩვენება ზუსტად ეს იყო.
სასამართლოში მოიყვანეთ პატიმარი! დაძლიეთ შიში! სააკაშვილის მდგომარეობაზე მძიმე საყურებელი მშიშარა, მხდალი ხელისუფალია!”,
ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.