პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვხედავთ შანტაჟს. შანტაჟის მექანიზმია სანქციები როგორც პიროვნულ დონეზე, ისე ქვეყანასთან მიმართებაში, საუბრები ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესახებ და სხვა ბევრი ელემენტი. ევროპა და ევროპული ღირებულებები რადიკალურად განსხვავდება იმ ბიუროკრატებისგან, რომლებიც დღეს წარმოდგენილნი არიან ბრიუსელში, ცხადია, ყველაზე არ ვსაუბრობ. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე და სხვა ძირითად მიმართულებაზე, თუმცა, დღეს, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს. ამ ბიუროკრატების ქმედებები და მესიჯები, რომლებსაც დღეს ვისმენთ, არანაირად არ ჯდება ევროპულ ღირებულებებში. ეს ჩვეულებრივი შანტაჟის ელემენტებია. ამ ტიპის დამოკიდებულება არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის, რადგან საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო.
თუ მათ საბჭოთა კავშირის მსგავსად უნდათ მმართველობა, როდესაც ყველა ერთნაირი უნდა ყოფილიყო და ერთი ცენტრიდან იმართებოდა ყველაფერი, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მიუღებელია ეს მბრძანებლური ტონიც. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებათ იმ ბიუროკრატებს, რომლებიც დღეს ბრიუსელში არიან წარმოდგენილი და ვინც ებრძვის საქართველოს. ჩვენ ვხედავთ ისეთი შანტაჟის მექანიზმებს, როგორიც, მაგალითისთვის, იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მე მახსოვს, როდესაც კანდიდატის სტატუსი ყოვლად უსამართლოდ არ მიანიჭეს ჩვენს ქვეყანას, მაშინ აქ წარმოდგენილი აგენტურა საუბრობდა, თითქოს საქართველომ მილიარდობით ევრო დაკარგა. დღეს ვსვამ მარტივ კითხვას – სად არის დღეს ეს მილიარდობით ევროს გრანტები?
დღეს, იგივე საუბარია მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხზე, რაზეც სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ. გაცილებით წინ ვართ ყველა პარამეტრით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისზეც ისინი საუბრობენ. გახსნან მოლაპარაკება, მზად ვართ ხელი მოვაწეროთ.