საქართველომ და საფრანგეთმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლითაც, მომავალი 2 წლის განმავლობაში საქართველო საფრანგეთისგან დახმარების სახით მიიღებს 483 მილიონი ევროს დაფინანსება. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან 33 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას… ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან.
ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში დავიწყებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების და პროგრამების განხორციელებას. ეს მიმართულებებია ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ირიგაცია, წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა. მადლობა საფრანგეთის რესპუბლიკას და ფრანგ ხალხს”, -თქვა ღარიბაშვილმა.