საფრანგეთის დაზვერვის უფროსი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პროგნოზირება ვერ შეძლო თანამდებობიდან გაუშვეს

ფრანგული სამხედრო დაზვერვის უფროსმა, გენერალმა ერიკ ვიდომ პოსტი დატოვა. მას თანამდებობიდან წასვლა არმიის ხელმძღვანელობამ შესთავაზა იმის გამო, რომ რუსეთის უკრაინაში  შეჭრა წინასწარ ვერ განჭვრიტა.

იმ დროს, როცა ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურებმა ზუსტი პროგნოზები გააკეთეს, რომ რუსეთი უკრაინაში ფართომაშტაბიან სამხედრო ოპერაციას გეგმავდა, ფრანგული დაზვერვა სამხედრო აგრესიას ნაკლებად რეალურად თვლიდა.

პოსტზე შვიდი თვის წინ დანიშნული სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ასეა ფორმულირებული: “ხელმძღვანელობის არასაკმარისი ინფორმირებისა და თემატიკის ღრმა ცოდნის არქონის გამო“.

როგორც სააგენტო ფრანს პრესს სამხედრო წრეებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, გენერლის და მისი უწყების ამოცანებში შედიოდა ხელმძღვანელობის ინფორმირება მოწინააღმდეგეების ქმედებების და არა განზრახვების შესახებ. და ვინაიდან გენერალ ვიდოს სამსახური ბოლოს მაინც მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს, მთლიანობაში ამ წყაროს თქმით, მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ გენერალი არ შემცდარა.

ჯერ კიდევ მარტში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ტერი ბურჰარდმა აღიარა, რომ ფრანგული დაზვერვა ამერიკული და ბრიტანული დაზვერვების დონეს ვერ  წვდება, რომელთა მიღწევები ფართოდ ხმაურდებოდა პუტინზე დამატებითი ზეწოლის მოხდენის მიზნით.

“ამერიკელებმა თქვეს, რომ რუსები უკრაინას თავს დაესხმებოდნენ და არ შეცდნენ. ჩვენი დაზვერვა კი ვარაუდობდა, რომ უკრაინის დაპყრობის ფასი რუსეთისთვის შემაძრწუნებელად მძიმე იქნებოდა და რუსებს სხვა შესაძლებლობები ქონდათ ვლადიმირ ზელენსკის მთავრობის დასამხობად“– თქვა მაშინ ბუკჰარდმა Le Monde–თან ინტერვიუში.

ფრანგული დაზვერვის მიერ პუტინის რეალური გეგმების ვერგამოცნობა კიდევ უფრო არასოლიდურად გამოიყურებოდა იმის გამო, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს რეგულარულად ქონდა კონტაქტი რუსეთის ლიდერთან უშუალოდ უკრაინაში შეჭრამდე–24 თებერვლამდე.

თუმცა, დაზვერვის სფეროს ექსპერტის პროფესორ ალექსანდრ პაპაემანუელის თქმით, არ ღირს მხოლოდ სამხედრო დაზვერვის დადანაშაულება შეცდომაში, რომელიც საფრანგეთის ყველა სპეცსამსახურმა ერთად დაუშვა.

ამასთან, გენერალ ვიდოს გადადგომისთვის როგორც ჩანს, სხვა მიზეზებიც არსებობდა.

ზუსტად რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ის სამხედრო დაზვერვის უფროსად დაინიშნა, ავსტრალიამ საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების მშენებლობის მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გაწვიტა და ამის ნაცვლად უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ–სა და ბრიტანეთთან გააფორმა, რომლის მიხედვით ავსტრალიას თვითონ შეუძლია ატომური წყალქვეშა ნავების მშენებლობა. ფრანგულმა დაზვერვამ მოვლენების ასეთი განვითარების წინასწარმეტყველება ვერ შეძლო, რაც საფრანგეთისთვის სრულიად მოულოდნელი უსიამოვნება აღმოჩნდა და დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია.