საფრანგეთის ხელისუფლებამ როსნეფტის დირექტორის იახტა დააპატიმრა

საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, როსნეფტის აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინის იახტა დააპატიმრა. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებიდან გახდა ცნობილი.

“მადლობა ფრანგ მებაჟეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ევროკავშირის სანქციების დაცვას მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთის ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული“– დაწერა ტვიტერზე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა.

იახტა სახელწოდებით “Amore Vero”, რაც იტალიურად “ნამდვილ სიყვარულს“ ნიშნავს, ხმელთაშუაზღვის პორტ ლა სოტატში 2 იანვარს ჩავიდა. მას პორტი 1 აპრილს უნდა დაეტოვებინა.

რამდენიმე დღის წინ ლე მერმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა შექმნა სპეციალური ჯგუფი, რათა დეტალურად შეისწავლოს და შეაფასოს ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების აქტივები და ფუფუნების საგნები.