საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი განიხილავენ მჭიდრო კავშირებს უკრაინასა და ნატოს შორის, რათა წაახალისონ კიევი მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ს სამი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა ანონიმურად განუცხადეს . გასულ კვირას, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა ისაუბრა შეთანხმების გეგმაზე, რომელიც უკრაინას ომის დასრულების შემდეგ თავდაცვისთვის მოწინავე სამხედრო აღჭურვილობაზე, იარაღსა და საბრძოლო მასალაზე მეტ წვდომას მისცემს. მისი თქმით, ეს გეგმა ივლისში ნატოს სამიტზე განიხილება.
ფრანგი, გერმანელი და ბრიტანელი ოფიციალური პირების თქმით, საფრანგეთმა და გერმანიამ მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას. ისინი ამ გეგმაში ხედავენ გზას რომ უკრაინის მიმართ ნდობა გაძლიერდეს და ქვეყნის ხელისუფლებას სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ უბიძგონ.
შემოთავაზებული შეთანხმების კიდევ ერთი მიზანია რუსეთზე გავლენის მოხდენაა, განუცხადა გაზეთს ბრიტანულმა წყარომ. თუ რუსეთი დაინახავს, რომ დასავლეთი მზადაა მომავალში უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს, ეს მოსკოვს დაარწმუნებს, რომ სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწევს, განმარტა მან.
ამასთან, The Wall Street Journal-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის და რა პირობებში დაიწყება ეს მოლაპარაკებები, კიევმა უნდა მიიღოს.
სამშვიდობო ინიციატივები უკრაინასა და რუსეთს შორის
თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში მოგზაურობისას, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პარიზში სამმხრივ შეხვედრაზე ცდილობდნენ დაერწმუნებინათ უკრაინის პრეზიდენტი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.
24 თებერვალს პეკინმა წარადგინა დოკუმენტი სახელწოდებით „ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარების თაობაზე“. 12 პუნქტისგან შემდგარ სიაში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჭიროა „პატივისცემა ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ“, საომარი მოქმედებების შეწყვეტა, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება, სანქციების მოხსნა და ა.შ. თუმცა ჩინეთს ამ პუნქტების მიღწევის კონკრეტული გზები არ წარმოუდგენია.
თეთრმა სახლმა, ჩინეთის „სამშვიდობო გეგმის“ კომენტირებისას აღნიშნა, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა ხვალაც დასრულდეს, თუ პუტინი შესაბამის არჩევანს გააკეთებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ პეკინის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს სამშვიდობო გეგმად.