საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს”,– წერს შსს.

უწყების განცხადებით, “პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე – ყაჩაღობის, 236-ე – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, და 144-ე – მძევალდ აყვანის მუხლებით გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.