საქართველოს გენ. პროკურორს ბოლო პოლიტპატიმრის შესახებ მივწერე, ის კვლავ საპატიმროშია, რატომ? – ევროპარლამენტარი რურუაზე

ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი წერს, რომ გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს წერილი მისწერა, რომელშიც ჰკითხა, რატომ არის ის კვლავ პატიმრობაში.

“8 მარტი შეთანხმების სრული შესრულება სარგებელი იქნება ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. მე მივწერე საქართველოს გენერალურ პროკურორს შეთანხმებაში მოხსენიებული ბოლო პოლიტიკური პატიმრის შესახებ – ის კვლავ პატიმრობაში რჩება, რატომ?” – წერს ტვიტერზე ანდჟეი ჰალიცკი.

ევროპარლამენტარი მთავარ პროკურორს მიმართავს, რურუასთვის აღკვეთის საპატიმრო ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლა მოითხოვოს, რაც საქართველოს პრაქტიკის მიხედვით მსგავს დანაშაულებში ხდება ხოლმე.

“როგორც საქართველოს ერთგული მეგობარი ევროპარლამენტში, მივესალმე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და გერმანიის ელჩების შუამავლობით გაფორმდა. ევროკავშირი აცხადებდა, რომ “შეთანხმება იყო მნიშვნელოვანი და ცხადი სიგნალი ორივე პოლიტიკური მხარის ხელმძღვანელობისთვის და ასახავდა მათ სურვილს, შეემცირებინათ არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში.

მე კვლავ შეშფოთებული ვარ, რადგან, მიუხედავად იშეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯებისა, გიორგი რურუა, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო, კვლავ დაპატიმრებულია, პარალელურად კი მიმდინარეობს მისი დისკრედიტაციის კამპანია ისეთ საქმეებზე, რომელიც მისთვის წარდგენილ ბრალს არ უკავშირდება და ეს კამპანია მთავრობისა და მმართველი გუნდის წევრებმა დაიწყეს. როგორც გადამწყვეტი მომენტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისა და საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის, რაც ასევე არის 8 მარტის შეთანხმების საგანი, მე და საქართველოს სხვა მეგობრები ევროპარლამენტში იმედს გამოვთქვამთ, რომ მისი სრულად შესრულება გზას გაუხსნის პოლარიზაციის შემოტრიალებას და ქვეყანაში ცივილიზებული კამპანიის ჩატარებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პოლიტპატიმრები არ ჰყავს, ხოლო ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს, ყველა ვთანხმდებით, რომ აღნიშნული დაძაბულობის საბოლოო დარეგულირება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს პასუხობს. ზედმეტია იმის თქმა, რომ რურუას წინასწარი პატიმრობა მთლიანად პროკურატურასა და საქართველოს სასამართლოზეა დამოკიდებული. თუმცაღა, მე გავითვალისწინე ის ფაქტი, რომ ბევრმა დამკვირვებელმა გამოთქვა შეშფოთება ბატონი რურუას წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, რომელიც კონტრასტში საქართველოს პრაქტიკასთან, რომელიც რურუას მსგავსი ბრალის შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში გირაოს ითვალისწინებს

ვიცი, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა პრაქტიკულად დასრულდა. ამდენად, მოგმართავთ, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილოთ არასაპატიმრო სასჯელის სახის გამოყენება. ეს უდავოდ ხელს შეუწყობს 8 მარტის შეთანხმებასა და საქართველოში ნაკლებად პოლარიზებულ და ცივილურ საარჩევნო კამპანიას”, — წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას იმ 3 პოლიტპატიმარს შორის იყო, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შედეგად, ოპოზიციის თქმით, უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების მიუხედავად, ის კვლავ ციხეში რჩება.

რურუა ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ სანამ სრულად არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება, ანუ გათავისუფლდება მე-3 პოლიტპატიმარი, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.