“ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია” – წერს ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში.
გუშინ, 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე, “თავისუფლების მარში” გაიმართა, სადაც მოქალაქეები რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპროტესტებდნენ. გიორგი ქოჩორაშვილმა, Instagram-ზე აქციის მხარდასაჭერი ფოტო გაავრცელა, რომლის შემდეგაც ქოჩორაშვილის ანგარიში საერთოდ გაქრა სოციალური ქსელიდან. არსებობს ვარაუდი, რომ ფეხბურთელის ანგარიში ტროლ–ბოტების შემოტევის შედეგად დაიბლოკა, რომელიც სწორედ აღნიშნულ პოსტს უკავშირდება.
ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი დაწერა, რომ “საქართველოს გზა ევროპაშია”.