ამ დროისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი 31.57 მილიარდი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალი კანონით დადგენილ კრიტიკულ ზღვარს – ეკონომიკის მოცულობის (მშპ) 60%-ს გადასცდა.
სახელმწიფო წლიდან წლამდე სესხად აღებული თანხების დახარჯვას და ბიუჯეტის ათვისებას ვერ ახერხებს და ამასთან, პროცენტთან ერთად აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის გადახდა უწევს.
საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტების აუთვისებლობის გამო, სახელმწიფოს 2018 წელს 3.1 მილიონის, 2019 წელს 4.8 მილიონის, ხოლო 2020 წელს 9.6 მილიონი ლარის გადახდა მოუწია.
გამოდის, უბრალოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო აღებული ვალის დახარჯვას ვერ ახერხებს, ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ იმაზე მეტი ფული იკარგება, ვიდრე მაგალითად, მოსახლეობის სოციალურ დაცვაში იხარჯება.
ფლანგვის დეტექტორმა დაითვალა, ვისი და რამდენი ვალი აქვს საქართველოს და რა თანხა დაუჯდა ზუსტად ბიუჯეტს ნასესხები ფულის აუთვისებლობა.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით, სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 23.4 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრა. პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებით, აღნიშნული მაჩვენებელი 28.4 მლრდ ლარამდე გაიზარდა. წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის ფაქტობრივმა მოცულობამ 30.8 მლრდ ლარი შეადგინა. 2021 წლის იანვრის მდგომარეობით კი, სახელმწიფო ვალის მოცულობამ 31.57 მილიარდი ლარი შეადგინა. მხოლოდ იანვარში ვალის ზრდამ 735 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის, 1.037 მილიარდით გაიზარდა საგარეო ვალის ნაშთი.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონით მთავრობის ვალის დაშვებული ზედა ზღვარი მშპ-ის 60%-ია. მშპ-ის 60% მიჩნეულია კრიტიკულ ზღვრად, რომელსაც სხელმწიფო ვალის აღების ეტაპზე არ უნდა გადასცდეს. თუმცა 2021 წლის იანვრის მონაცემებით სახელმწიფო უკვე გადაცდა დადგენილ კრიტიკულ ზღვარს.
2021 წლის მონაცემებით ყველაზე დიდი რაოდენობით ვალი საქართველოს აღებული აქვს მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან (IDA და IBRD) 6.79 მლრდ ლარის სახით, შემდეგ მოდის აზიის განვითარების ბანკი (ADB) 5.70 მლრდ ლარით, მესამე ადგილს კი ევროპის საინვესტიციო ბანკი იკავებს 2.41 მლრდ ლარის ვალის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ვალის ზრდის პარალელურად სახელმწიფოს წინაშე კვლავ დგას რესურსის დაბალი ათვისების პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში დაგეგმვის ეტაპზე არსებული ნაკლოვანებებით არის გამოწვეული და პროექტების განხორციელების პროცესზე პროექტების ფარგლებში აუთვისებელ რესურსებში გამოიხატება.
მაგალითად 2020 წელს ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული 88 პროექტიდან 38 პროექტის შემთხვევაში ათვისებული იქნა გეგმის 70%-ზე ნაკლები (მათ შორის, 6 პროექტის შემთხვევაში თანხის ათვისება საერთოდ არ მომხდარა). სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, დაბალი ათვისებები ძირითადად განპირობებულია პანდემიის გავრცელების გამო რიგი აქტივობებისა და ღონისძიებების გაუქმებით/შეფერხებითა და გადადებით.
გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს (Commitment Fee) კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას. 2020 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში ჯამურად გადახდილმა ვალდებულების გადასახადმა 9.6 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, დაფინანსების გეგმიდან კრედიტის ნაწილში 70%-ზე დაბალი ათვისების 9 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 3.3 მლნ ლარია.
2019 წელს საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში ჯამურად გადახდილმა ვალდებულების გადასახადმა (Commitment Fee) 4.8 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, 70%-ზე დაბალი ათვისების 9 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 1.2 მლნ ლარი იყო.
თუმცა პროეტების აუთვისებლობაზე გავლენას მხოლოდ პანდემია არ ახდენს. აუთვისებლობის მაჩვენებელი და პრობლემები პანდემიამდეც არსებობდა. მაგალითად 2018 წლის ბოლოს არ ათვისებულა 15 საინვესტიციო პროექტი, ხოლო თავდაპირველ გეგმასთან მიმართებაში 70%-ზე დაბალი ათვისება ჰქონდა 12 პროექტს. შედეგად, 70%-ზე დაბალი ათვისების 14 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილმა ვალდებულების გადასახადმა (Commitment Fee) 3.1 მლნ ლარი შეადგინა.
საერთო ჯამში სახელმწიფო იღებს სესხს, თუმცა სრულად ვერ ახერხებს თანხების დახარჯვას. მაგალითისათვის 2020 წელს პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებებისთვის 3.5 მლრდ გამოიყო, რომელიც სრულად სესხს წარმოადგენდა, თუმცა სახელმწიფომ მხოლოდ 3.2 მლრდ დაიხარჯვა მოახერხა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა სახელმწიფომ პანდემიისთვის გამოყოფილი თანხებიდან 300 მილიონი ლარი ვერ დახარჯა.
2018-2020 წლებში სახელმწიფოს საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტები სრულად რომ აეთვისებინა 17.5 მილიონი ლარის გადახდა არ მოუწევდა. შედარებისთვის მხოლოდ 2020 წელს პროექტების აუთვისებლობის გამო ჯარიმის სახით ბიუჯეტიდან უფრო მეტი დაიხარჯა ვიდრე:
სახალხო დამცველის აპარატის დასაფინანსებლად – 7,000,000 ლარი
მოსახლეობის სოციალური დაცვა- 3,911,800 ლარი
დანაშაულის პრევენცია, პრობაციის სისტემის განვითარება და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციაში – 6.445.000 ლარი
ნახეთ,რომელი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი აქვს საქართველოს
1) მსოფლიო ბანკის ჯგუფი (IDA და IBRD) – 6.79 მლრდ ლარი;
2) აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 5.70 მლრდ ლარი;
3) ევროპის საინვესტიციო ბანკი – 2.41 მლრდ ლარი;
4) გერმანია (KFW) – 2.39 მლრდ ლარი;
5) საფრანგეთი (AFD) – 1.89 მლრდ ლარი;
6) ევროობლიგაცია – 1.65 მლრდ ლარი;
7) ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ – 1.23 მლრდ ლარი;
8) იაპონია – 703 მლნ ლარი;
9) მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ – 699 მლნ ლარი;
10) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 643 მლნ ლარი;
11) აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 553 მლნ ლარი;
12) ევროგაერთიანება (EU) – 532 მლნ ლარი;
13) რუსეთი – 134 მლნ ლარი;
14) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 118 მლნ ლარი;
15) ავსტრია – 63 მლნ ლარი;
16) აშშ – 51 მლნ ლარი;
17) თურქეთი – 35 მლნ ლარი;
18) კუვეიტი – 30 მლნ ლარი;
19) ყაზახეთი – 29 მლნ ლარი;
20) აზერბაიჯანი – 18.1 მლნ ლარი;
21) სომხეთი – 18.1 მლნ ლარი;
22) ირანი – 13.6 მლნ ლარი;
23) ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 10.8 მლნ ლარი;
24) სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 8.4 მლნ ლარი;
25) ჩინეთი – 3.1 მლნ ლარი;
26) ნიდერლანდები – 1.3 მლნ ლარი;
27) თურქმენეთი – 0.7 მლნ ლარი;
28) უზბეკეთი – 0.2 მლნ ლარი;
29) უკრაინა – 0.2 მლნ ლარი;