საქართველოს კანდიდატად, პროცედურების გამოტოვებით ალბათ არ დაარეგისტრირებენ თუმცა ეს უარს არ ნიშნავს – ზურაბიშვილი

“საქართველოს კანდიდატად, პროცედურების გამოტოვებით ალბათ არ დაარეგისტრირებენ თუმცა ეს უარს არ ნიშნავს “-  ამის შესახებ,  პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მსგავსად, საქართველოს კანდიდატად წინა პროცედურების გამოტოვებით, ალბათ  არ დაარეგისტრირებენ, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული უარის თქმად.

”იმდენი გაუგებრობა წავიკითხე ევროკავშირში წევრობის განაცხადზე, რომ თავი ვალდებულად ჩავთვალე, პატარა განმარტებასავით გავაკეთო გლეხი კაცისთვის გასაგებ ენაზე.

1. ეს არ არის სადმე სამსახურში მიღებაზე განცხადებას რომ დაწერ და მერე, მოკლე ხანში, ან უნდა დაგიკმაყოფილონ ან არა

2. ევროკავშირის წევრობაზე რომ განაცხადს აკეთებ, აქ ირთვება მთელი საპროცედურო სისტემა.

3. პირველ რიგში, როგორც კი დაარეგისტრირებ განცხადებას, იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს ვითარებას შენს ქვეყანაში და ამის საფუძველზე გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს. ეს მოხდება ყველა ვარიანტში, როგორც კი განცხადება დარეგისტრირდება. ასე რომ ვინც ფიქრობს, რომ ეგრევე უარს გვეტყვიან და იმ განცხადებას კობახიძეს გადაახევენ თავზე, სასტიკად ცდება.

4. ამ რეკომენდაციების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული მოგენიჭება თუ არა წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც ასევე არ ნიშნავს გარანტირებულ წევრობას, რადგან მერე კანდიდატის მიმართაც დგება ძალიან კონკრეტული მოთხოვნები. თურქეთი, მაგალითად კარგა ხანია კანდიდატის სტატუსითაა, მაგრამ წევრობას ვერ მიაღწია.

5. უკრაინას რა შეღავათსაც უკეთებენ, არის ის, რომ შეიძლება პირდაპირ დაარეგისტრირონ კანდიდატად, შესაბამისი პროცედურების გარეშე. ეს ცხადია წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს არ ნიშნავს წევრობას.

6. საქართველოს კანდიდატად ახლა, წინარე პროცედურების გამოტოვებით, დიდის ალბათობით არ დაარეგისტრირებენ, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული უარის თქმად იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ეს არ არის უარი. ეჭვი მაქვს, ზოგიერთი შეეცდება ეს სწორედ ასე წარმოაჩინოს, მაგრამ არ მოტყუვდეთ.

7. ის მოთხოვნები, რომელიც ავტომატურად მოსდევს წევრობაზე განაცხადის შეტანას, შემოწმდება გაცილებით უფრო მკაცრად, ვიდრე აქამდე ხდებოდა და ამაზე იქნება მიბმული არცთუ მცირე ფინანსურ-ეკონომიკური დახმარებებიც. ეს არ უნდოდა აქამდე არცერთ ხელისუფლებას და იმიტომაც არ შეჰქონდათ განაცხადი, თორემ განცხადების დაწერაზე ადვილი რა იყო?

8. საბოლოო ჯამში, ევროკავშირში განაცხადის შეტანა გაზრდის ევროკავშირის ჩართულობას საქართველოს შიდა პოლიტიკაში და გაზრდის საკმაოდ არსებითად. თუ გავითვალისწინებთ რა ხელისუფლება გვყავს და ოპოზიციის მიმართაც რა პრეტენზიები გვაქვს, ვფიქრობ ამ ჩართულობის გაზრდა ყველა ვარიანტში არის კარგი. მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.

9. ამ განაცხადის შემდეგ “ვინ ჰკითხავს შარლ მიშელს”, “მერე რა რომ მაშინ დავპირდი” და ეგეთი ფუფლოშნიკობა-ბრექიაობები ვეღარ იქნება და ეგეც კარგია. მე ვიტყოდი, ძალიანაც კარგი.

10. პრინციპში ეს პუნქტი სრულიად ზედმეტია, მაგრამ ცხრა პუნქტით კიდევ :ცხრაწელის” (ერთ სიტყვად სპეციალურად ვწერ, კორექტურა არაა) ასოციაციები რომ არ ამეშალა მკითხველისთვის, იმიტომ დავუმატე მეათე.”- წერს ზურაბიშვილი.