საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია – აშშ-ის საელჩო

“საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია” – აშშ-ის საელჩოს ცნობით, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვია და ვიზიტისას საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე ამ სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია. ეს ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. საქართველოში ყოფნისას ელჩი დეგნანი ძალიან ბევრ სასამართლოს ესტუმრა, გაიცნო და ესაუბრა უამრავ მოსამართლეს მათი საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ამ სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის იქნება ნაკარნახევი საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შეერთებული შტატები ამ მიზნისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ერთგული რჩება” – წერია საელჩოს განცხადებაში.