რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ოკუპირებულ რეგიონებში შეუფერხებლად წვდომის საშუალება მისცეს. შეწყდეს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი და დასრულდეს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა ამ რეგიონებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდისა და საქართველოს საკითხზე მომხსენებლის, სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„დღეს, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 12 წელი გავიდა და მისი შედეგები ახლაც იგრძნობა. საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედი ოკუპირებულია, ასობით ათას ადამიანს კვლავ არ შეუძლია საკუთარ სახლებში დაბრუნება, აწყდება შეზღუდვებს მათ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველო კვლავ სხვადასხვა რუსული ჰიბრიდული ქმედებების სამიზნეა, ისეთის, როგორიცაა დეზინფორმაციული კამპანიები და კიბერთავდასხმები. მიუხედავად ამისა, ამ შოკისმომგვრელმა მოვლენამ მხოლოდ გააძლიერა საქართველოს გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში მტკიცედ დაიმკვიდრა თავი, როგორც სანდო მოკავშირემ და მნიშვნელოვანმა პარტნიორმა.
„ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის საშუალებით ევროკავშირთან გაძლიერებულმა თანამშრომლობამ ქართველ ხალხს უშუალო, ხელშესახები სარგებელი და ახალი შესაძლებლობები მოუტანა.
სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს არ შეუძლიათ იმ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით ისარგებლონ, რითაც ქვეყნის დანარჩენი ნაწილი სარგებლობს, ვინაიდან ორივე რეგიონი კვლავ რუსული ოკუპაციის ავბედით შედეგებს იმკის და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის, როგორც ამას მათი ამბიციური სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ -გვიჩვენებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
მოვუწოდებთ კონფლიქტის მშვიდობიანად, მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით გადაჭრისკენ, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელებისკენ,“- აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და „ბორდერიზაციის“ პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
„ვინაიდან აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი დე-ფაქტო მმართველობის ქვეშაა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ოკუპირებულ რეგიონებში შეუფერხებლად წვდომის საშუალება მისცეს. შეწყდეს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი და დასრულდეს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა ამ რეგიონებში. ასევე უზრუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, მათ მშობლიურ მიწაზე და ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცნენ“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.