საქართველოს „ორბანიზაცია“- როგორ აირჩია ქვეყანამ უნგრეთის კონსერვატიული პოპულიზმი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე – BBC

ბიბისი–ს რუსული რედაქცია ვრცელ სტატიას უძღვნის საქართველოს პრემიერ მინისტრის მეგობრობას და მსგავსებას უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან, რომელიც ევროკავშირში ყველაზე ავტორიტარ მმართველად ითვლება. სტატიაში საუბარია იმ მსგავსებაზეც, რაც საქართველოს, რუსეთის და უნგრეთის ხელისუფლების პროპაგანდაში არსებობს. გთავაზობთ სტატიას სრულად:

საქართველოს ხელისუფლებისთვის, დასავლეთთან და უკრაინასთან ურთიერთობის გაციების ფონზე, უნგრეთი, როგორც ჩანს, მთავარი თანამოაზრეა ევროკავშირში. უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც ევროპაში აკრიტიკებენ თავისუფლების შეზღუდვისა ვლადიმერ პუტინთან მეგობრობის გამო, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის მოსახერხებელი პარტნიორია, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს საუკეთესო არჩევანი იმ ქვეყნისთვის, რომელიც იმედოვნებს ამ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას.

„თქვენთვის ეს მისაღებია – ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყანაში, იმავე სქესის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს არის პროპაგანდა, რომელიც წამლავს ბავშვებს, სკოლებში, რომ აღარაფერი ვთქვათ უნივერსიტეტებში“, – ასე იცავდა ჟურნალისტების კითხვებიგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაისში, ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის შემდეგ.

ღარიბაშვილი იყო ღონისძიებაში მონაწილე ერთადერთი ქვეყნის ლიდერი მთავარი მომხსენებლის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის გარდა. ღარიბაშვილის ჩასვლა კონსერვატორთა თავყრილობაზე, რომელსაც კრიტიკოსებმა პოპულისტებისა და ევროსკეპტიკოსების შეხვედრა უწოდეს, დემონსტრაციული, თუმცა არა ერთადერთი მაჩვენებელი იყო იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ლიბერალურ ღირებულებებს უპირისპირდება.

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არც  აქამდე იცავდა დიდი ენთუზიაზმით უმცირესობების უფლებებს,  ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურად ეწინააღმდეგება ეგრეთ წოდებულ „ლგბტ პროპაგანდას“, ადანაშაულებს ოპონენტებს „ლიბერალურ ფაშიზმში“,  პროტესტში მონაწილე ახალგაზრდებს კი „არეულ ორიენტაციაში“. .

თავი თავდაცვის მინისტრმაც კი გამოიჩინა. იმ პირობებში, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის 20%-ს რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სწორედ ლიბერალიზმს შეუძლია პირდაპირ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს.

საქართველოში მომავალ წელს  საპარლამენტო არჩევნებია და ხელისუფლების ასეთი რიტორიკა შესაძლოა იყოს ერთდროულად ამომრჩევლის კონსერვატიული ნაწილის მოზიდვისა და საზოგადოებაში ევროპის მიმართ სკეპტიციზმის დათესვის მცდელობა, რათა თავი დაიცვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის  სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში.

ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება მეტწილად იმეორებს როგორც უნგრეთის, ისე რუსეთის მთავრობების მიერ უკვე გადატკეპნილ გზებს, მანიპულირებს ლგბტ თემებზე, ტრადიციებსა და ეკლესიაზე.

მონათესავე სულები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანს საქართველოს “ნამდვილ მეგობარს” უწოდებს, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.

ორბანი კი აქებს ღარიბაშვილს, როგორც იმის მაგალითს, თუ როგორ უნდა “იცხოვრო რუსეთის ჩრდილში, შეინარჩუნო შენი ქვეყანა და მშვიდობა ამ ქვეყანაში”.

უნგრელი და ქართველი პოლიტიკოსები საუბრობენ ისტორიასა და კულტურაში მსგავსებაზე, საერთო ღირებულებებზე, რომლებსაც ღარიბაშვილი უწოდებს,  „ქრისტიანულ, ეროვნულ, პატრიოტულ, ოჯახურ ღირებულებებს“.

„უნგრეთის ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ლიდერი, ის ფუნდამენტური ფასეულობების სადარაჯოზე დგას და არის სამაგალითო პოლიტიკოსი, ის მებრძოლი ქრისტიანია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„მათ [ხელისუფლებას] უნდათ აჩვენონ, რომ ჩვენ არა რუსი, არამედ ევროპელი კონსერვატორები ვართ. ასეთი ალიბი იქმნება შიდა მოხმარებისთვის. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მიიღო რჩევა მათი კონსულტანტებისგან, რომ დააბალანსონ მათთვის პრორუსული პარტიის პრობლემური იმიჯი იმით, რომ ისინი არიან პროევროპელები, ისინი არიან „ნამდვილი ევროპისთვის“, მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ნოდია.

ამავდროულად, ფაქტობრივად, ხელისუფლებები საქართველოში, რუსეთსა და უნგრეთში, ერთი და იგივე წესებით თამაშობენ, ცდილობენ ძალაუფლების კონსოლიდაციას და შენარჩუნებას, მიიჩნევს დავით ზედელაშვილი, კონსტიტუციის მკვლევარი საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული  Gnomon Wise –ის ინსტიტუტიდან. ასეთი რეჟიმების ერთ-ერთი მახასიათებელია საყრდენად  საზოგადოების შედარებითი უმრავლესობის ქცევა, რომელიც მათ მხარს უჭერს.

„ასეთი საყრდენის შესაქმნელად მათ სჭირდებათ მუდმივი პოლარიზაცია საზოგადოებაში, რომელშიც მათი მთავარი ინსტრუმენტია იმის ჩვენება, რომ არსებობენ ბოროტი ლიბერალური ელიტები და არიან თვითონ, ვინც მხარს უჭერენ უბრალო ადამიანებს. ეს არის მათი მთავარი სტრატეგია საარჩევნო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რომელსაც იყენებენ როგორც პუტინი, ასევე ორბანი და საქართველოში არსებული რეჟიმი“, – ამბობს ზედელაშვილი.

სექსუალური უმცირესობების თემა როგორც რუსეთის, ისე უნგრეთის ხელისუფლების არსენალში საყვარელი იარაღია, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იყენებს. ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს მიღებულ იქნა ეგრეთ წოდებული „ანტი-ლგბტ კანონი“ – არასრულწლოვანთათვის   ისეთ  მასალებზე წვდომის აკრძალვა, რომლებიც „რეკლამირებენ ან ასახავს“ ჰომოსექსუალობას ან სქესის შეცვლას.

ადგილობრივმა აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა ამ კანონმდებლობას უწოდეს 2013 წლის რუსული კანონის უნგრული ვერსია „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ და ევროკომისიამ მიმართა ევროპის სასამართლოს, რადგან უნგრეთის კანონი ფუნდამენტური უფლებებისა და ევროპული ღირებულებების დარღვევად მიიჩნია.

რუსეთში, 2022 წელს, ხელისუფლება კიდევ უფრო შორს წავიდა და აკრძალა „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა“ ყველა ასაკში. კანონის ავტორებმა არ ჩამოაყალიბეს „გეი პროპაგანდის“ მკაფიო განმარტება, მაგრამ მან უკვე გამოიწვია ლიტერატურისა და კინოს ცენზურა, ასევე ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის გაზრდა.

საქართველოში „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ კანონის მიღებას დროდადრო ითხოვდნენ ულტრაკონსერვატიული და კრემლისადმი ლოიალური ჯგუფები და პოლიტიკოსები, მაგრამ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, ასეთი ინიციატივების პერსპექტივა ბოლო დრომდე ბუნდოვანი იყო.

მაგრამ დღეს, ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ინიციატივების განხილვის დაწყება შეუძლებლედ აღარ გამოიყურება.

მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ადრე აცხადებდა, რომ მსგავსი კანონპროექტის მიღებას არ განიხილავდნენ, მაგრამ ივლისის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში კიდევ ერთხელ ისაუბრა არასრულწლოვანთა შორის „ლგბტ პროპაგანდის“ მიუღებლობაზე და განაცხადა, რომ ამ საკითხს სჭირდება  გადასაწყვეტი.

რუსეთის ჩრდილში

უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ მოუწოდა თბილისს, გაათავისუფლოს სააკაშვილი,  უკრაინაში ან დასავლეთის ქვეყნებში სამკურნალოდ გაუშვას, და შეწყვიტოს „მისი საჩვენებელი დასჯა“, რის უკანაც მისი თქმით კრემლი დგას.

ხელისუფლება არც აქამდე იყო მეგობრულად განწყობილი ლგბტ–ს მიმართ, მაგრამ ელექტორატის მობილიზებისთვის უფრო ხშირად სხვა თემებს მიმართავდნენ –  ამბობს ზედელაშვილი,

მაგალითად, „მტრის იმიჯისთვის“ ხელისუფლებამ გამოიყენა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ამჟამად ოპოზიციაში გადასული  „ნაციონალური მოძრაობის“  „სისხლიანი ცხრაწლიანი მმართველობა“.

მაგრამ „ასეთი რეჟიმების პირობებში პოლარიზაცია და „მტრის ხატის“ ძიება არასოდეს მთავრდება“, – ამბობს ზედელაშვილი.

2022 წელს, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს უკრაინაში შეჭრის შეჩერების მცდელობისას, უნგრეთის და საქართველოს ხელისუფლებამ ოპონენტები დაადანაშაულეს იმაში, რომ ცდილობდნენ მათი ქვეყნების სხვის ომში ჩათრევას.

მოსკოვი, ბუდაპეშტი და თბილისი ერთმანეთისგან სწავლობენ, ამბობს ზედელაშვილი, მაგრამ მათ შორის არის განსხვავებებიც: „მაგალითად, რუსეთი თავიდანვე უფრო დესპოტური იყო. საქართველოში ყოველთვის არსებობდა დესპოტიზმის ისეთი ელემენტები, როგორიცაა პოლიტიკური ოპონენტების აშკარა განზრახ დევნა. ორბანი გამოირჩევა იმით, რომ ის აღწევს თავის მიზნებს ასეთი უხეში მანევრების გარეშე“.

მსგავსებაა საგარეო პოლიტიკაშიც, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ევროკავშირის ნაწილია, ზოგჯერ განსხვავდება ბრიუსელის პოზიციისგან.

ორბანი, რომელსაც დიდი ხანია უთანხმოება აქვს უკრაინასთან და თბილი ურთიერთობა აქვს კრემლთან, ამ ომთან დაკავშირებით ამბივალენტურია: სიტყვით ის მხარს უჭერს ევროკავშირის და ნატოს საერთო პოლიტიკას, მაგრამ უარს ამბობს არა მხოლოდ უნგრეთის გავლით უკრაინაში იარაღის გატარებაზე, არამედ პერიოდულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინიციატივებს უკრაინის დასახმარებლად.

საქართველოს ხელისუფლება არანაკლებ წინააღმდეგობრივად იქცევა. ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინას დიპლომატიურ დონეზე, მაგრამ არ გაუწევენ მას სამხედრო დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებენ. მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავებისთვის ცა დაკეტეს, ოფიციალური თბილისი მიესალმა მოსკოვის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.

საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებს კრემლის პირდაპირ კრიტიკას და კიევს ადანაშაულებს „მეორე ფრონტის“ გახსნის და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის მცდელობაში. კიდევ ერთი დაბრკოლება თბილისსა და კიევს შორის არის საქართველოს დაპატიმრებული ექსპრეზიდენტი (და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი) მიხეილ სააკაშვილი, რომლის გადაყვანასაც უკრაინის ხელისუფლება ითხოვს.

უნგრეთის და საქართველოს სიტუაციებს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს ევროკავშირის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი და დემოკრატიული დასავლური სამყაროსგან სრული იზოლირების რისკი მისთვის უფრო მაღალია.

„უნგრეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრია, მას არ აქვს საზღვარი რუსეთთან, არ აქვს რაიმე განსაკუთრებული საფრთხე რუსეთის მხრიდან. საქართველოში პირიქითაა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ასეთი ფაქტობრივად პრორუსული პოლიტიკა უფრო შემაშფოთებელია საქართველოს ეროვნული ინტერესების საფრთხის კუთხით. უნგრეთს შეუძლია ისეთივე პოლიტიკა გაატაროს, როგორიც აქვს რუსეთის მიმართ, მაგრამ არ გახდება რუსეთის სატელიტი, საქართველოში კი რისკი სწორედ ამაშია“, – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია.

მოკავშირეები ევროკავშირში 

 

უნგრეთის მხარდაჭერა შეიძლება დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, მაგრამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან სიახლოვე ეწინააღმდეგება ქვეყნის მისწრაფებას გახდეს კავშირის ნაწილი, ამბობენ ანალიტიკოსები.

„ორბანი ითვლება ყველაზე ავტორიტარულ მმართველად ევროკავშირში და ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს მის იდეოლოგიასთან სიახლოვეს, დისონანსშია საქართველოს დეკლარირებულ მიზანთან – ევროინტეგრაციასთან. მაგრამ ახალი არაფერია იმაში, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას“, – აღნიშნავს ნოდია.

მართლაც, ევროპულ ქვეყნებს სულ უფრო მეტი კითხვა უჩნდებათ საქართველოს ხელისუფლებასთან დემოკრატიული რეფორმების უკან დახევის შესახებ.

მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირმა მკვეთრად გააკრიტიკა ეგრეთ წოდებული კანონი უცხოური აგენტების შესახებ – ხელისუფლების ოპონენტებმა მას 2012 წლის რუსეთის კანონმდებლობის ანალოგი უწოდეს. შედეგად, ხელისუფლებამ ის უკან წაიღო თბილისში დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების გამო. უნგრეთს მსგავსი კანონმდებლობის  გაუქმება 2021 წელს მოუწია ევროკავშირის სტრუქტურების გადაწყვეტილების გამო.

ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ გავლენიანი პარტნიორებისთვის ბოლო წვეთი იყო საქართველოს ხელისუფლების დემონსტრაციული სიახლოვე ორბანის ღირებულებებთან, რომელსაც ევროკავშირის „ეკალს“ უწოდებენ. ევროპელ სოციალისტთა პარტიამ (PES), ღარიბაშვილის ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ, თავისი რიგებიდან გამრიცხა ქართული ოცნება, რომელიც 2015 წლიდან იყო PES-ის დამკვირვებელი წევრი.

თუმცა, თავად საქართველოს მმართველი პარტია არ დაელოდა ოფიციალურ გადაწყვეტილებას გარიცხვის შესახებ, გაწყვიტა პარტნიორობა PES-თან და დაადანაშაულა იგი “ფსევდო-ლიბერალურ პლატფორმაზე” გადასვლაში.

ამაში „ქართულმა ოცნებამ“ ასევე გაიმეორა უნგრეთის ლიდერისა და მისი პარტია „ფიდესის“ გზა, რომლებმაც გარიცხვის საფრთხის ქვეშ და წევრობის შეწყვეტიდან ორი წლის შემდეგ განაცხადეს ევროპის სახალხო პარტიიდან გასვლის შესახებ.

“მიგვიღეთ ისეთები, როგორიც ვართ”

საქართველოში გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის მომავალს ევროკავშირში.

საქართველოს ხელისუფლება კვლავ აცხადებს ერთგულებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი, მაგრამ სინამდვილეში ისინი ცდილობენ გაიმეორონ უნგრეთის გამოცდილება, ამბობენ პოლიტოლოგები.

„მათი [საქართველოს ხელისუფლების] სტრატეგია არის მიაღწიონ მაქსიმალურ ინტეგრაციას და მიიღონ მაქსიმალური სარგებელი ევროკავშირისგან, ყოველგვარი  კომპრომისის გარეშე და იგივე რეჟიმის  შენარჩუნებით, როგორიც არის. მათ ესმით, რომ ეს შეიძლება არ გამოვიდეს და ამიტომ მომავალი წლის არჩევნებისთვის ორივე შესაძლო სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ“, – ამბობს დავით ზედელაშვილი.

საქართველოს პროდასავლური კურსი ბოლო დროს ვირტუალურ ფორმალობად იქცა, აღნიშნავს გია ნოდია.

„რიტორიკა იმის შესახებ, რომ დასავლეთი ნიშნავს ჰომოსექსუალობას და მორალურ დაცემას, ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ეს ჟღერდებოდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ, რომლებიც ოფიციალურად არ იყვნენ დაკავშირებული მთავრობასთან, თუმცა ისინი რეალურად სარგებლობდნენ ხელისუფლების გარკვეული მფარველობით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს რიტორიკა მმართველი პარტიის მეინსტრიმად იქცა, ამბობს პოლიტოლოგი. ”ფაქტობრივად, რიტორიკა ხდება ანტიდასავლური იმ მოთხოვნის დამატებით,  რომ “მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ.”

მმართველი პარტია აცხადებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის უარყოფის საფუძველი არ არსებობს და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მის მოსაპოვებლად.

ამასთან, მათი თქმით, „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ დეკემბერში იქნება მიღებული, ამიტომ წინასწარ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება მისი შინაარსი.

ივნისში წარმოდგენილი ევროკომისიის ზეპირი ანგარიშის მიხედვით, 12 პრიორიტეტიდან, რომელიც საქართველოს წარუდგინეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მხოლოდ სამია სრულად განხორციელებული.

საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ზაფხულში მიიღეს.

საქართველოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.