საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი და არა ქვეყანა – კონლი

“საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი და არა ქვეყანა”- ამის შესახებ, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ჰედერ კონლიმ “ამერიკის ხმასთან” საუბარში განაცხადა.

“ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. ვფიქრობ, ძალიან დიდი იმედი გაჩნდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისს ეწვია და დაიწყო ეს პროცესი. კრისტიან დანიელსონი, არაჩვეულებრივი დიპლომატია, რომელსაც ესმის და სურს, რომ შექმნას სიტუაცია, სადაც ორივე მხარე საკუთარ პოლიტიკურ საჭიროებებზე წინ ქვეყანას დააყენებს.

ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა ამერიკის ელჩი. ეს არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი. ეს ზუსტად ის მესიჯია, რაც პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ გააგზავნოს საქართველოში- რომ ჩვენ დასავლეთი, ამას ტრანსატლანტიკურ ფორმატში ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლებსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვთ.

ასე რომ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან საშიშ სიგნალებს რუსეთისგან. ამერიკისა და ევროპის სარდლობა სრულ მზადყოფნაშია. ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა შეხვედრები ასევე უკრაინის მაღალი თანამდებობების წარმომადგენლებთან.

ქართველ პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ არ მიაღწიონ პოლიტიკურ შეთანხმებას. რეგიონი ძალიან არასტაბილურია ასეთი ქმედებებისთვის. კიდევ ერთხელ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შანსი.

მესიჯი, რომელსაც ეს ყველაფერი აგზავნის ისაა, რომ პრიორიტეტი [დაპირისპირებული მხარეებისთვის] პოლიტიკური უთანხმოებაა და არა ქვეყანა.

ბატონი დანიელსონის მემორანდუმში ჩამოთვლილი იყო მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის რეფორმები, რაც გააძლიერებს საქართველოს, როგორც დემოკრატიას. სამწუხაროდ, ვერცერთი მხარე ვერ შეთანხდა და ფოკუსი ამ რეფორმებზე არ იყო. ეს კი იმ მესიჯს აგზავნის, რომ პოლიტიკური ვაჭრობა უფრო მნიშვნელოვანია.

მესმის, რომ ორივე ძირითადი პოლიტიკური პარტიისთვის, ფსონები ძალიან მაღალია, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც ეს ქმედება ძალიან ცუდი მესიჯს აგზავნის იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში არასტაბილური მდგომარეობაა, რუსეთის მხრიდან აგრესია მოდის, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია კი ძალიან ცდილობს, რომ საქართველო და სხვა ქვეყნებში ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში წინ წასწიოს.

ყველაზე ცუდი, ალბათ იქნება ეს განგრძობითი ჩიხი მთავრობისთვის, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებით. ვნახავთ გარე მოთამაშეებსაც, ვინც ისარგებლებს ამ ღრმა პოლარიზაციით. შესაძლოა, შესუსტდეს საქართველოს მოსახლეობის აზრი ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. შესაძლოა, ვიხილოთ ევროკავშირსა და ნატოსთან ახლო ურთიერთობის შეწყვეტაც.

საუკეთესო შედეგს რაც შეეხება, ის იქნება, რომ მიუხედავად იმ ძალიან ღრმა უთანხმოებისა და დაპირისპირებისა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. რომ შეძლონ და პიროვნული საკითხები გვერდით გადადონ, ქვეყანა პირველ ადგილას დააყენონ და დაიწყონ საუბარი იმ რეფორმებზე, რომელზეც შეთანხმდებიან და უკვე გრძელვადიან თემებზე მუშაობასაც შეძლებენ.

ეს ადვილი არაა, არც დაუყოვნებლივ გადალახვადია, მაგრამ თუ იქნება ძლიერი მესიჯები როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მხიდან, რომ მათთვის ქვეყანა პირველ ადგილას დგას და ამ აზრს გაყვებიან სამომავლოდ, საქართველოს დასაცავად, მე ვფიქრობ, ეს იქნება კარგი დასაწყისი და საუკეთესო შედეგი, ამ ეტაპზე.

სამწუხაროდ, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მხარეებს ხელი არ მოეწერათ ევროსაბჭოს მიერ ინიცირებულ შეთანხმებაზე იყო ნაბიჯი არასწორი მიმართულები”- განაცხადა კონლიმ.

წყარო : ამერიკის ხმა