„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას წერილით მომართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელიც ითხოვს, ქარტიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიერ, 2020 წლის 11 დეკემბერს, Facebook-ის პირად გვერდზე, პრეზიდენტის მიმართ გამოქვეყნებულ “შეურაცხმყოფელ და ყოვლად მიუღებელ” პოსტთან დაკავშირებით.ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წერილი 16 დეკემბერს მიიღო.ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე და აცხადებს:
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Handyside v. the United Kingdom (1976) ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას. [ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის] მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იგი გამოიყენება არა მარტო „ინფორმაციისა” და „მოსაზრებების” მიმართ, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისთვის”