საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში გაყალბების შავი ხვრელების ამოქოლვის გელა გურასპაშვილის ხედვა პოზიცია:
„ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა“
1. ნაკვეთურიანი ბეჭედი
საარჩევნო უბნის გახსნამდე, ერთი წუთით ადრე, საუბნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების თანდასწრებით, ოქმს არტყამს უბნის ბეჭედს. შემდგომ, ბასრი საგნით ბეჭედს უკეთებს ანათალს და ოქმს არტყამს უკვე ნაკვეთურიან ბეჭედს, რომელსაც საარჩევნო დღეს ასვავს (სპეციალურად გამოყოფილი პირი კომისიაში) ყოველ გაცემულ ბიულეტენზე.
საარჩევნო უბნის დახურვისთანავე ე.ი. ბოლო ბიულეტინის გაცემის შემდეგ, ბეჭედს არტყამს ოქმს და ყველა ოთხივე რეგისტრაციის მკაცრი აღრიცხვის ჟურნალს ბოლო ამომრჩეველის რეგისტრაციის დაბლა ისე, რომ მასში ჩამატება შეუძლებელი იყოს. ამის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ყველას თანდასწრებით ბეჭედს უკეთებს მეორე ანათალს და არტყამს ოქმს.
ჯამში, დღის განმავლობაში ბეჭედი ოთხჯერ ერტყმის ოქმს – სავალდებულოა კომისიის თავმჯდომარემ ოთხჯერვე, ბეჭდის დარტყმის ფაქტი, დარტყმისთანავე დაადასტუროს ხელმოწერით და ზუსტი დროის ფიქსირებით.
2. მკაცრი აღრიცხვის ჟურნალი
როგორც წინა საუკუნის ბოლო ათწლეულში, ამომრჩევლის რეგისტრაცია უნდა წარმოებდეს მკაცრი აღრიცხვის ზონარგაყრილ ჟურნალში, რომელიც სტამბაშივე დაინომრება 1-დან 500-მდე. ამომრჩეველი რეგისტრაციას გაივლის რიგით.
რეგისტრატორმა თავის ხელით უნდა ჩაწეროს გარკვევით და სიტყვების დანაწევრებით ამომრჩევლის: გვარი, სახელი, პირადი და რეგისტრაციის ზუსტი დრო და ამომრჩეველს ხელი მოაწერინოს სრულად, თითოეულ ასოს დანაწევრებით, როგორც ნოტარიუსთან. ოთხივე ჟურნალს ხმის მიცემის დაწყებამდე პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის მაღლა, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ერტყმება ნაკვეთურიანი ბეჭედი. იგივე კეთდება ბოლო ამომრჩევლის რეგისტრაციის შემდეგ სანამ ბეჭედს გაუკეთდება მეორე ანათალი. ფიქსირდება ჟურნალში გატარებულ ამომრჩეველთა რაოდენობა ჟურნალზე პასუხისმგებელი რეგისტრატორის და კომისიის თავმჯდომარის ხელისმოწერით. ერტყმება ბეჭედი ისე, რომ ბოლო რეგისტრირებული ამომრჩევლის შემდეგ, რეგისტრაცია იყოს შეუძლებელი. დარჩენილ სიცარიელეს ვაუქმებთ არსებული წესით Z. ამის შემდეგ ბეჭედს უკეთდება მეორე ანათალი.
3. საოლქო კომისიები უნდა გადავიდეს ოპოზიციის კონტროლქვეშ, ცენტრალური და საუბნო დარჩეს არსებული წესით ე.ი. ხელისუფლების კონტროლში.
4. არჩევნების დაკვირვების (დამკვირვებლის უფლებების) გასაჩივრების და უბნების გადათვლის საკითხები უნდა დაუბრუნდეს წინა საუკუნის ბოლო ათწლეულის არსებულ საარჩევნო კოდექსის ტექსტურ მუტაციამდე არსებულ ნორმებს.
5. არჩევნების შეჯამების წესი
არჩევნების შეჯამების წესი საარჩევნო კანონმდებლობაში ყველაზე უძირო შავი ხვრელია, ყველაზე მოწყვლადია გამყალბებლების ხელში, მისი მავნე ზეგავლენა იმდენად მაღალია, რომ დომინანტ ძალას აძლევს შესაძლებლობას დეფაქტო მიიტაცოს ორჯერ და მეტჯერ მეტი მანდატი ვიდრე არგუნა ამომრჩეველმა.
თეორიულად ეს წესი იმდენად კატასტროფულია, რომ 10% + 2 ხმის მიღების შემთხვევაშიც კი შესაძლებლობას ტოვებს საარჩევნო სუბიექტმა მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა. კერძოდ: ქ/ო 10% + 2 ხმა, ნ/მ 5% + 1 ხმა, დანარჩენი ბარიერგადაულახავი 85% – 3 ხმა, უფრო მეტიც 5% + 1 ხმით შესაძლებელია ყველა 150 მანდატის მიღება თუ ყველა სხვა ვერცერთი პარტია ვერ გადალახავს ბარიერს. ე.ი. უგულვებელყოფილი იქნება 95% – 1 ხმა ამომრჩევლის ნება რაც კონსტიტუციის მე-3-ე მუხლის თამაშგარეთ დატოვებაა.
ბარიერის ინდექსი 2% იქნება თუ 5% სადაოდ ვერ გახდება, რადგან ის საარჩევნო სუბიექტების არათანაბარ პირობებს არ უქმნის, უსამართლობა ხმების გადაცემაა ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ და ეს უნდა გახდეს ხელისუფლებასთან დავის საგანი.
გამოსავალი ბარიერის განულებაშია ხოლო მის წინააღმდეგ ჩამჭრელი არგუმენტის შემთხვევაში, შემოსაღებია ხმის გადაცემის წესი: სადაც ამომრჩეველს ეცოდინება სად წავა მიცემული ხმა მისი რჩეულის ბარიერგადაულახაობის შემთხვევაში. საარჩევნო სუბიექტმა განაცხადში უნდა მიუთითოს იმ პარტიის დასახელება რომელსაც უნდა გადაეცეს მის მიერ მიცემული ხმები ბარიერის გადაულახაობის შემთხვევაში. ამ ინფორმაციას ცსკო გაასაჯაროებს არაუგვიანეს 2 კვირისა და გააკრავს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიებთან ერთად – თვალსაჩინო ადგილზე. თუ ორი ბარიერგადაულახავი პარტია ერთმანეთს მიუთითებს, ხმები წავა ნაკლებიდან მეტისკენ (ეს მუხლი დეტალურად არის გასაწერი).
6. მოსახლეობის ჩაბმა გაყალბების წინააღმდეგ
არჩევნებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტში, ცალკე მუხლად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ პირთა პრემიების საკითხი ვინც აღმოაჩენს იმ ტიპის დარღვევებს, რამაც არჩევნების შედეგებზე იქონია გავლენა, დადებს უტყუარ მტკიცებულებებს და დაიცავს სასამართლოზე. ეს თანხა არ უნდა იყოს 10 000 ლარზე ნაკლები თითოეულ შემთხვევაში.
7. საზღვარგარეთ უბნების გახსნა
ცესკოს ვალდებულებაა საქართველოს საზღვრებს გარეთ ყველგან გახსნას საარჩევნო უბანი სადაც იქნება 500 ამომრჩეველზე მეტის მოთხოვნა.
8. ძველი გამოცდილება ილუზიაა
ხელისუფლება ტოქსიკურად მუტირებული საარჩევნო კოდექსით ოპოზიციას სთავაზობს „საცრით წყლის ზიდვას“. მრავალი ოპოზიციონერი საეჭვო კომპეტენციით გამოსავალს მეტი ამომრჩევლის მომხრობაში ხედავს, რაც წინასწარვე წაგებული თამაშია: მცდარია აზრი, თითქოს გაყალბების მანქანის შესაძლებლობები შემოფარგლულია და მეტი ამომრჩევლის მისვლის შემთხვევაში, ოპოზიციის გამარჯვება უზრუნველყოფილია. გაყალბების ხარისხი პირდაპირ ბმაშია გაყალბებისთვის ჩასხმული ფულის. უფრო მეტიც, აქამდე ეფექტურად არ გამოიყენებოდა სატელიტური პარტიების ფაქტორი. სიახლე და ყველაზე უძირო ტროას ცხენია ელექტრონული არჩევნები, ამიტომ არსებული გამოცდილება (რომ ბევრი ამომრჩეველი ყველაფერს გადაფარავს) ძველ დროს ჩაბარდა. ერთი კია, მაჟორიტარობის არ არსებობა ამცირებს ხელისუფლების პოტენციალს პროპორციული ხმების მიღებაში.
თუ ყველა საკითხებს მართველი ძალა ერთპიროვნულად გადაწყვეტს, ეს მკაცრ უკმარისობაში აყენებს კონსტიტუციის მე-3-ე მუხლს და ხელისუფლებათა ცვლის ბუნებრივ ინტენსივობას და ქვეყნის წინსვლის შემაფერხებელი და ქართველი ხალხის მთავარი დაუსრულებელი პრობლემაა.
ელექტრონული არჩევნები „ტროას ბედაური“
ბიულეტინების დათვლის ელექტრონული წესი აიგნორებს კონსტიტუციის 37 მუხლის მე-2 ნაწილში მინიჭებულ არჩევნების ფარულობის და თანასწორობის უფლებებს, რადგან კომბინაციებში შეუცდომლად ინახავს ინფორმაციას: დრო, ვერიფიცირებული პირადობის მოწმობა, შემოხაზული ბიულეტინი და ამომრჩევლის ფოტო (ვიდეო). უკაბელო კონტაქტი, თუნდაც კოდირებული შემაფერხებელი ფაქტორი არ არის. მთავარი „ღირებულება“ ელექტრონული არჩევნების შედეგების მანიპულირებასთან ერთად, ტოტალური კონტროლია არჩევნების დღის ნებისმიერ წუთს სრული სურათის ქონა: ამომრჩევლის, უბნის, ოლქის და მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს ფარულობისა და თანასწორობის უფლების იგნორირებაა, რადგან არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტები ამას მოკლებულნი არიან.
ქიმერაა, თითქოს ელექტრონული აღრიცხვა უზრუნველყოფს მის ორჯერ და მეტჯერ ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემას. ეს დამოკიდებულია პროგრამისთვის მიცემულ დავალებაზე. სომხურ კარუსელს ანაცვლებს ელექტრონული კონტროლი. საზღვარგარეთ უბნების გახსნას თან ახლავს იქაურ მობილურ ოპერატორებთან ინფორმაციის გაჟონვის საფრთხის მაღალი რისკები. ელექტრონული არჩევნები, ისედაც გაღმა გასულ ქართულ დემოკრატიაზე ბოლო ლურსმნის დაჭედება იქნება.
ეფექტურობა მიიღწევა მთლიანი პაკეტის მიღების შემთხვევაში. ცალ-ცალკე მუხლებით ვაჭრობა არის გზა არსაით.