საქართველოს საელჩო, საბერძნეთში მყოფ ქართველი მოქალაქეებისათვის ინფორმაციას ავრცელებს. საელჩო მოქალაქეებს, კიდევ ერთხელ აფრთხილებს 7 აპრილისთვის დაგეგმილ რეისზე, რომელიც ათენიდან თბილისის მიმართულებით უნდა შესრულდეს.
„საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისების ფარგლებში, 2020 წლის 7 აპრილს განხორციელდება თბილისი-ათენი-თბილისის მიმართულებით ფრენა.
აღნიშნულ რეისს განახორციელებს კომპანია Georgian Airways და მასზე ბილეთების გაყიდვა დაიწყება 5 აპრილს, თბილისის დროით 10:00 საათზე კომპანიის ვებ-გვერდზე. აღნიშნული რეისი განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის დაცვით და მგზავრთა განლაგება მოხდება ე.წ. ჭადრაკისებრი პრინციპით.
საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო სამედიცინო კარანტინს.”