საქართველოს სავალუტო რეზერვები მარტში 38,5 მილიონი დოლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 31 მარტის მდგომარეობით ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში $100-მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სავალუტო ინტერვენციების განხორციელების მიუხედავად, ქვეყნის სავალუტო რეზერვების შემცირებამ მხოლოდ $38,5 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც ნიშნავს, რომ ინტერვენციებით რეზერვების შემცირება ნაწილობრივ სხვა ფულადმა ტრანზაქციებმა დააბალანსეს.

ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა $3.399 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. იანვართან შედარებით, ‘რეზერვის მოცულობა $82 მილიონით არის შემცირებული, წლიურ ჭრილში კი მისი შემცირება $77,5 მილიონს შეადგენს.

მას შემდეგ, რაც მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დაამთავრებენ მოლაპარაკებებს, სავალუტო რეზერვების მოცულობა კიდევ რამდენიმე ასეული მლნ დოლარით შეივსება.

რა არის სავალუტო რეზერვი?

სავალუტო რეზერვები ქვეყნის ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. ეს არის თანხა, რომელსაც კრიზისების, საშინაო თუ საგარეო შოკების დროს, ეკონომიკისთვის ბუფერის როლის შესრულება შეუძლია. სავალუტო რეზერვების მოცულობა ამასთანავე ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია – თუ მისი მოცულობა ეკონომიკის ზომასთან მიმართებით არის ადეკვატური, ეს ინვესტორებისა და საერთაშორისო კრედიტორებისთვის ნათელი სიგნალია, რომ ქვეყანაში საქმიანობა შედარებით დაბალ რისკებთან არის დაკავშირებული.

 

წყარო: BM.GE