საქართველოში კავასაკის სინდრომი ბავშვს 2 თვის წინ დაუდგინეს. მას თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში უმკურნალეს.
ამის შესახებ PIA.GE-ს კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგემ ვიტალი ხარაშვილმა განუცხადა. ვიტალი ხარაშვილის თქმით, კავასაკის სინდრომი საქართველოში პირველად 30 წლის წინ დადასტურდა და ეს სწორედ მის პრაქტიკაში მოხდა.
“საქართველოში პირველად კავასაკის სინდრომი ჩემ მიერ დიაგნოსტირდა. ეს იყო 30 წლის წინ. ეს სინდრომი ძალიან რთული დასადგენი და ძვირი სამკურნალოა. ამჟამად საქართველოში აღნიშნული სინდრომის დიაგნოსტირება “ნიუ ჰოსპიტალსის” რევმატოლოგიის სპეციალურ განყოფილებაში ხდება. ასე რომ, ეს ჩვენთან ცნობილი სინდრომია და მისი ეფექტური მკურნალობის გამოცდილება გვაქვს”, – აცხადებს ვიტალი ხარაშვილი.
მისი განმარტებით, კავასაკის სინდრომი საქართველოში საკმაოდ ხშირად ვლინდება. კავასაკი უმეტესად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ფიქსირდება, თუმცა, ნებისმიერი წლოვანების ადამიანს შეიძლება დაემართოს.
ვიტალი ხარაშვილის განცხადებით, კავასაკის სინდრომის ბოლო შემთხვევა მის პრაქტიკაში 2 თვის წინ იყო – მცირეწლოვან ბავშვში დადასტურდა.
“ეს იყო ადრეც, არის ახლაც და მომავალშიც იქნება. ჩემს პრაქტიკაში კავასაკის სინდრომის შემთხვევები, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია. ბოლო შემთხვევა გვქონდა 2 თვის წინ. აღნიშნული სინდრომის დროს გადამწყვეტია დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა. მისი უმძიმესი ფორმა არის უკვე ანევრიზმა, განსაკუთრებით გულზე, რამაც შესაძლოა, გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს “, – აღნიშნა ვიტალი ხარაშვილმა.
როგორც ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტის ამბობს, სამწუხაროდ, მსოფლიო მედიცინისთვის ჯერ კიდევ უცნობია, როგორ და რატომ ჩნდება აღნიშნული სინდრომი, თუმცა საქართველოში მისი ეფექტიანი მკურნალობის გამოცდილება დიდია.