საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულდა – ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი

” საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულდა ” – აცხადებს, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი ForbesTalks-თან საუბრისას. ღარიბაშვილის მრჩეველი ფიქრობს, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, არა დიდ ჰესებზე არამედ, პატარა ჰესებსა და განახლებადი ენერგიების განვითარებაზე უნდა მოხდეს.

”საქართველოში დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო დასრულებულია, ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, თუ რაც ქვეყანაში ხდება და რამდენად დიდია ადგილობრივი წინააღდმეგობა ამგვარი პროექტების მიმართ. პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში და ასევე, განახლებადი ენერგიების განვითარებაში, განსაკუთრებით, მზის და ქარის ენერგიების მიმართულებით, ამისთვის კი დაგვჭირდება სისტემური ბალანსის მიღწევა.დიდი პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული დღეს ეხება ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებას საქართველოში, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული, მიმაჩნია, რომ მომავალში, ინვესტორს, რომელიც მზის და ქარის ენერგიაში ინვესტირებით დაინტერესდება, უნდა დაევალოს ასეთი სისტემის აშენება, სისტემა ელექტროენერგიას შეინახავს, როცა მიწოდება იქნება მაღალი და ამით მივიღებთ სისტემურ ბალანსს”, – ამბობს ჰუდაკი.