„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 2 313 პირი გარდაიცვალა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 313 პირი ემსხვერპლა“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 196 220-მდე.