საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებას ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენელი მორგან ორტაგუსი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც ქვეყანაში უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას შემოიღებს.
„დამტკიცებული ცვლილებები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მონაწილეობით მიღებული 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგია, ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობას და საპარლამენტო პლურალიზმს საქართველოში მომავალი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე,“ ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღოს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას ეფექტურად აღასრულოს ეს კანონმდებლობა. საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს წარმოადგენს. სამართლიანობა წინა-საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღეს,“ ნათქვამია განცხადებაში.
„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მის ძალისხმევაში გააძლიეროს დემოკრატია, საარჩევნო პრაქტიკა და კანონის უზენაესობა, ასევე მხარს უჭერს მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საუკეთესო თავდაცვაა.“
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გააკეთეს შეერთებული შტატების საელჩომ და ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.