21 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ახალი მოდული ამოქმედდება, , სადაც პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილმა თვითდასაქმებულებმა დოკუმენტები და განაცხადი უნდა ატვირთონ 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, თუმცა კომპენსაციას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც დაამტკიცებს, რომ თვითდასაქმებული იყო.
პიზიკური პირები შესაბამისი საბუთის გაცემას ვერ მოახერხებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უმუშევრად დარჩენილი ადამიანი ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების გარეშეც დარჩება.
ჯერჯერობით მათ დიდ ნაწილს არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, როგორ შეძლებენ თანხის მიღებას.
თვითდასაქმებულთა კატეგორია განმარტებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომლის თანახმად, თვითდასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია გარკვეული მოცულობის საკუთარი შემოსავალი.
დღეისათვის საქართველოში სტატისტიკურად 840 000 თვითდასაქმებულია რეგისტრირებული, თუმცა ხელისუფლება არ აკონკრეტებს, თავის დროზე როგორ დათვალა ამ რაოდენობის თვითდასაქმებული და რატომ არ აპირებს დათვლის იგივე მეთოდი კომპენსაციების გასაცემად გამოიყენოს. ფაქტია, რომ დღეს თვითდასაქმებულებს ამ სტატუსის დამტკიცება დამატებითი დოკუმენტაციით მოუწევთ და სავარუდოდ მათი დიდი ნაწილი კომპენსაციის გარეშე დარჩება. თვითდასაქმებულთა 75-80% სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის, 8% დაკავებულია ვაჭრობით, 5% სამშენებლო საქმიანობას ახორციელებს, დანარჩენი მოდის ტაქსის მძღოლებზე, რეპეტიტორებზე, სხვადასხვა კლასიფიკაციის მუშებზე, ძიძებზე და ა.შ.
სახელმწიფომ თვითდასაქმებულთა კომპენსირებისთვის სულ 75 მილიონი ლარი გამოყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა მხოლოდ 250 000 ადამიანისთვის კომპენსაციის გაცემას ეყოფა, თვითდასაქმებულთა უდიდესი ნაწილი კი როგორც ჩანს კომპენსაციის გარეშე დარჩება.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი თამილა ბარკალაია აღნიშნავს, რომ მოქალაქეები, რომლებიც აღრიცხული არიან, დახმარებას მარტივად მიიღებენ.
რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს, მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში პროცესი გაცილებით უფრო რთული იქნება.
თვითდასაქმებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა 2 კვირის განმავლობაში მოხდება და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხდება კომპენსაციის თანხის ჩარიცხვა.