გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს ეხმიანება. მისი თქმით, გაურკვევლობაში დარჩენას არ აპირებს, ამიტომ კითხულობს, რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს ენმ-ს ლიდერი.
“ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე რუსთავი2-ზე.
ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას
ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?
პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო რუსთავი 2-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული
ის ლიდერი კი – საჯაროდ ჯვარცმული”,- წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, გუშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ჩაიშალა.
ვაშაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს იმ საელჩოების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ, რომ დიალოგის შუამავლები ყოფილიყვნენ.