კარიბის ზღვაში მდებარე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოს, სენტ–ვინსენტის და გრენადინების პრემიერი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც თავში მძიმე საგნით დაზიანება მიიღო. ეს საგანი მას ხელისუფლების მიერ კოვიდ19–ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების მოწინააღმდეგე მიტინგის მონაწილემ ესროლა.
74 წლის რალფ გონსალვიში პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს შორის გადიოდა. ფოტოებზე ჩანს, როგორ გაჰყავთ დასისხლიანებული პრემიერი შემთხვევის ადგილიდან.
მისმა პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პრემიერი “ვიღაცამ მძიმე საგნით დაჭრა“. ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ეს მძიმე საგანი ქვა იყო.
მომიტინგეების ქვებს და ცარიელ ბოთლებს ისროდნენ. უცნობია, დაუმიზნა თუ არა პრემიერს ვინმემ სპეციალურად მძიმე საგანი, თუ ის შემთხვევით დაიჭრა.
სენტ–ვინსენტის და გრენადინების ფინანსთა მინისტრმა სააგენტო როიტერს განუცხადა, რომ მთავრობის მეთაური ბარბადოსზე გადაიყვანეს, რათა თავის კომპიუტერული ტომოგრაფია გაუკეთონ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავა.
სენტ–ვინსენტი და გრენადინები ყოფილი ბრიტანული კოლონიაა, რომელიც 33 კუნძულისგან შედგება და კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ფართობი 389 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა კი დაახლოებით 120 000. ყველაზე დიდი კუნძული, სენტ–ვინსენტი კულუმბმა 1498 წლის 22 იანვარს, წმინდა ვინსენტის დღეს აღმოაჩინა.
ეკონომიკის მთავარი დარგი ტურიზმია, რომელიც პანდემიისგან ძლიერ დაზარალდა. გარდა ამისა, წელს აპრილში სენტ–ვინსენტის რამდენიმე ათასი მაცხოვრებლის ევაკუაცია გახდა საჭირო ვულკან სუფრიერის ამოფრქვევის გამო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კუნძულებზე კოვიდით დაინფიცირების 2 298 შემთხვევა და 12 გარდაცვალება დაფიქსირდა. ამ დროისთვის მოსახლეობის 9პროცენტია აცრილი. ქვეყანაში ლიცენზირებულ ვაქცინებს შორის არის რუსული სპუტნიკიც.