“სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება

საქართველოში მოსახლეობის “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, ექსპერტები “სინოფარმის” ვაქცინაციის პროტოკოლს შეიმუშავებს.

“საბჭოს რეკომენდაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები უკვე დაასრულებენ მუშაობას ყველა იმ პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დანერგვას. „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პროცესი გაიხსნება 27 აპრილისთვის, რადგან მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს რეალურად ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.