ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის საშუალებით შესაძლებელი იქნება ავთვისებიანი სიმსივნის 50 სახეობის ადრეული გამოვლენა.
მომავალ წელს ტესტირების გავლას ინგლისის 165 ათას მაცხვრებელს შესთავაზებენ. თუ მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა, 2024 წლისთვის ტესტირება მილიონი ბრიტანელისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
კვლევა აშშ–შიც ჩატარდება, თუმცა ასეთი ფართო მაშტაბით არა. იქ კომპანია დაახლოებით 62 000 მოხალისის შემოწმებას აპირებს, რომელთა ასაკი 50 წელს აღმატება. აშშ–ში ტესტირება ასევე 2021 წელს დაიწყება, თუმცა ის ფასიანი იქნება.
ბრიტანელების ტესტირებას ამ მეთოდის შემქმნელი, კალიფორნიაში ბაზირებული ამერიკული კომპანია Grail დააფინანსებს. პირველ რიგში ტესტირებას გაერთიანებული სამეფოს 50–79 წლის მოქალაქეები და ინგლისის საავადმყოფოს რამდენიმე ათასი პაციენტი გაივლის, რომლებსაც ექიმები ონკოლოგიურ სიმპტომებს აღმოუჩენენ. ჯანდაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ახალი მეთოდის საშუალებით კიბოს ადრეულ სტადიებში გამოვლენის შემთხვევები 75%–მდე გაიზრდება.
Grail–ის ტესტი, როგორც დამუშავების სტადიაში მყოფი მისი ბევრი ანალოგი, მოლეკულარულ დონეზე მოქმედებს. ეს საშუალებას იძლევა კიბოს ბევრი სახეობა მანამ იქნას აღმოჩენილი, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.
“თუ ტესტირების და სისხლის ანალიზის საშუალებით კიბოს დაახლოებით 50 სახეობის აღმოჩენას შევძლებთ, რომელთა მკურნალობა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ძალიან ძნელია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ათასობით პაციენტისთვის, რომლებიც მკურნალობის მძიმე პროცედურებს გადიან.“– ამბობს ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი სერ საიმონ სტივენსი.
რამდენიმე დასავლური ქვეყნის მეცნიერები უკვე წლებია მუშაობენ უნივერსალურ ტესტზე. აშშ–ში ანალოგიურ პროექტებზე რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი.
ბრიტანეთში არაკომერციული ორგანიზაცია Cancer Research UK , რომელიც ონკოლოგიურ კვლევებს აფინანსებს, ახალი ტესტის გამოცდას მიესალმება, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მისი ეფექტურობა ჯერ დამტკიცებული არ არის.
ბრიტანელ მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ჯანდაცვის სამსახურმა არ უნდა დააფინანსოს ისეთი ტესტები, რომელთა ეფექტურობა ჯერ არ დამტკიცებულა.
Galleri–ს მეთოდის საბოლოო შედეგები 2023 წლისთვის შეჯამდება.