ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვაქცინის დაგვიანებას “სიტუაციით” და ვაქცინების დეფიციტით ხსნის.
“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და დამიჯერეთ, აკეთებს ჩვენი ხელმძღვანელობა, სამინისტროც, მთავრობაც და უსამართლობა, ტენდენციურობა, ქილიკი, ლანძღვა და საყვედური ამაზე, თითქოს ვინმეს ბრალი იყოს, რომ ვაქცინამ დაიგვიანა. ეს არის სიტუაციის ბრალი და იმის ბრალი, რომ ვაქცინების დიდი დეფიციტია ბაზარზე, მაგრამ საქართველო მიიღებს ვაქცინებს. დაიჯერეთ, შეიძლება მცირედი დაგვიანებით, მაგრამ მიიღებს და სამაგიეროდ, ჩვენ მივიღებთ გამართულად, ეტაპობრივად და საკმარისი რაოდენობით”,– ამბობს ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისივე თქმით, საქართველო ვაქცინაციის წლიურ გეგმას შეასრულებს.
“როდესაც გამოდიან ნიშნის მოგებით ჩვენი ოპონენტები და სამწუხაროდ, სიხარულით ამბობენ, რომ საქართველო ვერ შეასრულებს ვაქცინაციის წლის გეგმას, დამთავრდება ეს წელი, შევხვდებით ერთმანეთს და ვნახავთ, ჩვენ შევასრულებთ ვაქცინაციის წლიურ გეგმას და შევასრულებთ წარმატებით, როგორც დღემდე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია კოვიდის მართვაში ზოგადად, ასეთივე წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციაში. მე ასე ვთვლი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.