სიძულვილის ენა არ არის ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი – კობახიძე ბანერებზე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიზე ირწმუნება, რომ “სისხლიან” ბანერებთან მმრთველ პარტიას კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, 3 ტელევიზია სიძულვილს აღვივებს, რომელსაც მეორე მხარე პასუხობს.

“ეს ბანერები არის გაკრული კონკრეტული საჯარო პირის მიერ, რომელმაც უკვე გააკეთა კომენტარი ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ, მითუმეტეს პროცედურულ მხარეზე გაგვიჭირდება კომენტარის გაკეთება.

სამწუხაროდ, ამ არჩევნებში ისევე როგორც წინა არჩევნებში სიძულვილის ენა, ზიზღი, აგრესია არავის უკვირს და თქვენ იცით ვინ არის მთავარი წყარო ამ ყველაფრის – 3 კონკრეტული ტელევიზია, რომელიც მუდმივად აღვივებს სიძულვილის ატმოსფერო და ნაწილობრივ წარმატებით გამოსდით. ბუნებრივია, როცა ერთი მხრიდან მოედინება ამდენი სიძულვილი, შეიძლება სხვა მხრიდანაც იყო პასუხი. სიძულვილის ენა არ არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი”,– ამბობს კობახიძე ბრიფინგზე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არ იცის, გადააკრეს თუ არა სისხლიანი ბანერებზე ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებს.

“ეს არ ვიცი, ეს არის სუფთა ტექნიკური მხარე და ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ზოგი იქნება გადაკრული რაღაცა შინაარსის ბანერზე, ზოგი იქნება რაღაცა კომერციულზე, ეს არ ვიცი მე, იმიტომ რომ საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს ამ კუთხით. შინაარსში ვეთანხმები, მაგრამ გამოხატვის ფორმა არის მეორე საკითხი”,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, “სისხლიანი” ბანერები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 დღის წინ გამოაკრეს. მასზე გამოსახულები არიან მედიამენერეჯერები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ექსპრემიერი გიორგი გახარია.