შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გოგაშვილთან “ჩვეულებრივი ურთიერთობა” ჰქონდა და მათ შორის დაძაბულობა არ ყოფილა.
„არ დამირეკავს, არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა. არანაირი მუქარა, მით უმეტეს, ოჯახის ამოწყვეტის, ეს სასაცილოა.
სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ჩვენ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. მას შემდეგ რამდენიმე ხანი პარტიაში იყო. მას შემდეგ ჩემთანაც ყოფილა ოჯახში. არანაირი დაძაბული ურთიერთობა ჩვენ არ გვქონია. რჩევაც უკითხავს.
შეიძლება ათჯერ გაიყვანეს საშხაპეში, არ ვიცი. მე არ ვიცი შიგნით რა ხდებოდა. სად გაიყვანეს საშხაპეში თუ სხვაგან, ეს ჩემი დაწესებულება არ არის, მაგრამ მე რომ მასთან არ დამირეკავს, კომუნიკაცია რომ არ მქონია, ეს 100%-იანი ვიცი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ 28 ივლისს, ციხეში ის საშხაპეში გაიყვანეს და მას შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაურეკა. გოგაშვილის განცხადებით, ვახტანგ გომელაურს და მას შორის ხმამაღალი და დაძაბული საუბარი შედგა, რა დროსაც შს მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა და რასაც ეტყოდნენ, იმას არ გააკეთებდა მას გაანადგურებდნენ და “ოჯახს ამოუწყვეტდნენ”.