სოციალური აგენტები გაფიცვას აანონსებენ – ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი

სოციალური აგენტები ისევ გაფიცვას აანონსებენ – ჯანდაცვის სამინისტრო წინა საგაფიცვო პერიოდში პროფკავშირებს მოლაპარაკებებში ჩართვაზე უარს ეუბნება და სოციალურ აგენტებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს, მათ შორის, დაშინებისა და შანტაჟის გზით.

არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში კანონს  უხეშად არღვევს.

სოციალური აგენტების მთავარი მოთხოვნებია ხელფასების მატება და სამართლებრივად გამართული ხელშეკრულებების გაფორმება. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დათმობაზე წასვლა.

გარდა ამისა, “სოლიდარობის ქსელს”, რომელიც სოციალური აგენტების ინტერესებს იცავს, არ მიეცა მოლაპარაკებებში ჩართვის საშუალება, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ მუშაკებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. სამოქალაქო სექტორის მტკიცებით, ეს არის დაშინების მცდელობა. სწორედ ამიტომ, დღეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია “სოლიდარობის ქსელის” მოლაპარაკებებში ჩართვა.

ცალკე მოლაპარაკება, რომელიც იმართება სოციალურ აგენტებთან, შეიძლება მხოლოდ დაპირებად დარჩეს და არ შესრულდეს. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ მათი წარმომადგენლები, მათი პროფკავშირი აუცილებელია იყოს მოლაპარაკებებში და რეალურ ცვლილებებს, რეალურ ელემენტარულ პირობებს, რომლებსაც ეს ადამიანები ითხოვენ, მიაღწიონ, – ამბობს “საია-ს” წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი.

“სოლიდარობის ქსელის” იურისტი დავით ომსარაშვილი კი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პროფესიული კავშირების დისკრედიტაცია დაუშვებელია და აუცილებელია, დადგეს სოციალური სააგენტოსა და სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი.

აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტებები ცოტა ხნის წინ გაკეთდა. მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ამბობს, რომ სოციალური აგენტების მოთხოვნები გადაიხედა და მომავალი თვიდან მათი ფიქსირებული ხელფასი 80 ლარიდან – 250 ლარამდე გაიზრდება, ხოლო უფროსი სოცაგენტების ხელფასი კი 550 ლარი გახდება. რაც შეეხება ხელშეკრულებების საკითხს, წოწკოლაურის თქმით, სოციალურ მუშაკთა ნაწილს 1 წლამდე გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს, დანარჩენების ვადები კი ინდივიდუალურად გადაიხედება.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ აგენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მედიაციის პროცესი 21 დღე მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. ამის საფუძველზე, მუშაკები მინისტრთან “სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს.

ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი განცხადების შემდეგ ველით კომენტარებს სოციალური მუშაკებისა და მათი უფლებადამცველებისგან, რათა გავიგოთ, კვლავ აპირებენ თუ არა თუ არა ისინი გაფიცვას