უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გენდერული კვოტების შემოღების მიმართ ოპოზიციის კრიტიკას ეხმიანება და ამბობს, რომ მათ “ძალით გამოგონილი” არგუმენტები აქვთ, ამიტომ შეუძლიათ “უბრალოდ თქვან, რომ არ მინდა ამდენი იყოს ამდენი ქალი პარლამენტში”.
“თუ ვინმე წინააღმდეგია იმისა, რომ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოში იყოს მეტი, ეს მისი პრობლემაა და სხვადასხვა არგუმენტების შეფუთვით კი არა, ამას სახელი უნდა დაერქვას. ან ხარ ქალთა უფრო მეტი წარმომადგენლობის წინააღმდეგი, ან ხარ მომხრე. პოზიტიური თუ ნეგატიური დისკრიმინაცია და ა.შ. ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, ძალით გამოგონილი არგუმენტები, რომ მხარი არ დაუჭირონ ქალთა მაქსიმალურ წარმომადგენლობას პარლამენტში”,– ამბობს მდინარაძე.
დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანები ვერც ისეთ პარტიას შექმნიან, სადაც მხოლოდ ქალები იქნებიან.
“თუ მეორე მხრივ ვიღაცას მოუნდება ჩამოაყალიბოს პარტია, სადაც იქნებიან მხოლოდ ქალები, ესეც იქნება შეუძლებელი, რადგან განსხვავებული სქესი ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ამ შემთხვევაში უნდა იყოს მამაკაცი. ყველამ თავი დაანებოს სპეკულირებას, თქვან უბრალოდ, რომ არ მინდა იყოს ამდენი ქალი პარლამენტში, ეს უფრო სწორი არგუმენტი იქნება მათი მხრიდან, ვიდრე რაღაცების მოგონება და არგუმენტების გამოგონება”,- განაცხადა მდინარაძემ.
ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკურმა სუბიექტმა პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა მიუთითოს.