სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვთ, სპეგაზი თუ წყლის ჭავლი, უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ – გომელაური გუმათზე

“სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვთ აღჭურვილობა, მათ შორის იქნება ეს სპეგაზი თუ წყლის ჭავლი, თუ საჭირო იქნება და თუ მოხდება ძალადობა პოლიციაზე, უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ” – შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შსს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს რიონის ხეობაში შესვლის უფლებას დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით არ აძლევს და იმ შემთხვევაში თუ პოლიციაზე ძალადობა მოხდება მათ უფლება აქვთ ყველა აღჭურვილობა გამოიყენონ რაც აქვთ.

“რკინის ჯებირები დაგვჭირდება, დაბალი ჯებირები, თუ რაც დაგვჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება… იცით თქვენ, რომ ტექნიკა დაუწვეს იქ ერთხელ შიგნით, მოხდა შეხლა-შემოხლა მუშებთან და ენკას ფირმის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. აქედან გამომდინარე, რომ შევუშვათ შეიძლება მოხდეს კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა, შეიძლება დაშავდნენ კიდეც მოქალაქეები შიგნით. სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვთ აღჭურვილობა, მათ შორის იქნება ეს სპეგაზი თუ წყლის ჭავლი, თუ საჭირო იქნება და თუ მოხდება ძალადობა პოლიციაზე, უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ”, – ამბობს გომელაური.