ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. უწყება მხოლოდ 1 პირის დაჭრის ფაქტს ადასტურებს.
თავდასხმა მოსაშვილზე მდებარე კაფე “სტრადაში” მოხდა. სროლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება, რომელიც ობიექტზე დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ გადაიღო. კადრებში კარგად ჩანს როგორ შედის კაფეში ახალგაზრდა და ერთ-ერთი მაგიდის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის. ამის შემდეგ კი ტერიტორიას ტოვებს. კადრების მიხედვით, თავდამსხმელს ღია ფერის მაისური აცვია და კეპი ახურავს. მას არ უკეთია ნიღაბი.