რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხედრო პოლიოგონზე, სადაც ჯარისკაცები უკრაინაში ომში წასასვლელად ემზადებოდნენ, 11 ადამიანია მოკლული, 15 კი დაიჭრა.
თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი “მოხალისეებს“, რომლებიც ფრონტზე წასასვლელად ემზადებოდნენ, “ორმა სამოქალაქო პირმა გაუხსნა დსთ–ს ქვეყნიდან“. თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ორივე მსროლელი ასევე მოკლულია.
სამხედრო პოლიგონზე ცეცხლის გახსნის შესახებ შაბათს საღამოს ინფორმაცია რამდენიმე რუსულმა წყარომ გაავრცელა, რომელთა ინფორმაციით გარდაიცვალა 22 ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერაქტს უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით არ ხსნის, რატომ აღმოჩნდნენ რუსეთის არმიის პოლიგონზე უცხო ქვეყნის, თუნდაც დსთ–ს ქვეყნის მოქალაქეები იარაღით ხელში.
არაოფიციალური ინფორმაციით კი ბელგოროდის ერთ–ერთ სამხედრო ნაწილში ცეცხლი თავად რუსმა სამხედროებმა გახსნეს, რასაც წინ უძღვოდა დაპირისპირება მობილიზებულ სამხედროებს შორის რელიგიურ ნიადაგზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაღუპულები იყვნენ მამაკაცები, რომლებმაც “სპეცოპერაციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს“, ანუ მოხალისეები.
თუმცა, ზოგიერთი რუსული წყარო წერს, რომ დაიღუპნენ მობილიზებული მოქალაქეები ბრიანსკის ოლქიდან. კერძოდ, მობილიზებულთა ნათესავებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საუბარია უკრაინის საზღვრიდან ოც კილომეტრში მდებარე პოლიგონზე ქალაქ ვალუიკისთან მდებარე პოლიგონზე.
ინფორმაცია განახლების რეჟიმშია