“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ფინანსებთან დაკავშირებულ ბრალდებებს ეხმარურება და ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებაა.
“კრიტიკის ნაცვლად “კრიტიკის”, ცილისწამებისა და ლანძღვის მოსმენა, როგორც წესი, აღარც კი არა, ვეღარც მიკვირს, მაგრამ ზოგი მეტისმეტად “ნიჭიერი” გამოდგება ხოლმე და მაინც ახერხებს ჩემს გაკვირვებას.
ერთ-ერთი ასეთი “ნიჭიერის” წყალობით ფეისბუქზე ტრიალებს კოლოსალური თანხები, რაც თურმე პარტიას ეხარჯება ჩემს შესანახად.
ეს “ნიჭიერი”კაცი კი იმდენად “ნიჭიერი” გახლავთ რომ საზოგადოებას თავისი ‘’საქმენი საგმირონით’’ ჯერ კიდევ მაშინ გააცნო თავი, სანამ მე პოლიტიკაში ჩავერთვებოდი.
■ არანაირი ათი ათასლარიანი ხელფასი მე არ მაქვს! საერთოდ არანაირ ხელფასს არ ვიღებ პარტიაში!
■ არანაირ 4 ტონა ბენზინს არ მყიდულობს პარტია და არათუ 12 ათასი ლარი, 12 თეთრიც არ უჯდება ჩემი გადაადგილება.
■ ყოველთვიურად თურმე 41 ათასი ლარი იხარჯება ჩემს უცხოურ ვოიაჟებზე. არასოდეს პარტიის დაფინანსებით არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ!
■ ისე შთამბეჭდავად ახსენებენ დაცვას და მის შესანახად გამოყოფილ 18 ათასს, გეგონება მთელი გუნდი მიცავდეს და არა დაცვის ერთი თანამშრომელი, რომლის შენახვა ზუსტად ცხრაჯერ იაფი ჯდება.
■ და საერთოდ, სანამ შეკვეთილ პოსტებზე დათანხმდებით, რომელსაც ქოცმედია ისტერიულად დაატრიალებს, კამპანიურ ხასიათს შესძენს და კმაყოფილი დამკვეთი გროშებს გამოიმეტებს, უნდა იცოდეთ, რომ იმ გროშებთან ერთად, საკადრის პასუხსაც მიიღებთ.
მჯერა, ხალხი ისედაც მიხვდება რაც ხდება და რატომაც ხდება, მაგრამ თავის დროზე სრულ სიმართლეს პირადად ჩემგან გაიგებენ, თუ ვინ და რატომ არის ამ ბინძურ კამპანიაში ჩართული და რა კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ.
თვეებია თავს ვიკავებ საჯაროდ საუბრისგან და ის, რაც ვთქვი ამ ცოტა ხნის წინ, ზღვაში წვეთია და მეტი საუბრისგან, მანამ შევიკავებ თავს, სანამ ტყვეობაში არიან სააკაშვილი და გვარამია. განსაკუთრებით სანამ მიშას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა, საზოგადოებას ვპირდები რომ თავის დროზე, აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებ, ვისაუბრებ მარტივი მიზეზის გამო:
1) სრული სიმართლე იცოდეს ყველამ, რეალურად ვინ რისთვის იბრძვის.
2) მხოლოდ სიმართლით შეიძლება დაამარცხო ივანიშვილის ბოროტება და არა იმ ნაცადი მეთოდებით, რისი წყალობითაც ივანიშვილი ჯერ ხელისუფლებაში მოვიდა და შემდეგ, აგერ აქამდე ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას.
ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს, ვერ შესწვდებიან ძეხვს და მათთვის მუდამ პარასკევი იქნება.”- წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის ფინანსებსა და ხარჯებთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა.“– წერს ნია მელია.
მელიას განცხადებამდე განცხადება გაავრცელა ნაციონალურმა მოძრაობამ:
“ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს სიცრუეზე აგებულ კამპანიას, რომლის მიზანს, ერთის მხრივ წარმოადგენს ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა’’ და პარტიის ცალკეული ლიდერების დისკრედიტაცია, მეორეს მხრივ კი, ჩვენი თანამოქალაქეების, პარტიის ერთგული მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანას, ხელოვნურად დაპირისპირების გაჩენასა და მთავარი მიზნიდან გადახვევას.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს საზოგადოებას აცნობენ პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯებს. თავს ვალდებულებად ვთვლით, საზოგადოებას სიმართლე გავაცნოთ. პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. ხოლო, თანხა, რომელიც გადახდილია სოციალურ ქსელში კამპანიის საწარმოებლად, გაღებულია უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის პირადი ხარჯებიდან. საყურადღებოა ისიც, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტია არ სარგებლობდა ფასიანი სატელევიზიო რეკლამებით. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარტიის თავმჯდომარეზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ის რაიმე სახის ანაზღაურებას იღებს, არის სიცრუე. ნიკა მელია სარგებლობს მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომლითა და მძღოლით. აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, აუდიტის სამსახურის საიტზე, გაეცნოს მას, რაც დაადასტურებს ბოლო დღეებში გააქტიურებული კამპანიის სიყალბეს.
მიმდინარე წელს, პარტიის თავმჯდომარეს, საზღვარგარეთ, სამი ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა – ვილნიუსში, როტერდამსა და ბრიუსელში. აღნიშნული ვიზიტები ემსახურებოდა საქართველოს ინტერესების დაცვას, პოლიტპატიმრების – მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას. ბრიუსელში აქტიური მუშაობის შემდეგ ევროპარლამენტის მიერ გამოიცა რეზოლუცია, რომელშიც ნათლად და მკაფიოდ იყო ნახსენები ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები, ასევე დეოლიგარქიზაცია. ნიკა მელია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის აგრესიის ადრესატ უკრაინაში, სადაც მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და უკრაინელი ხალხის სამართლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის. უკრაინაში ენმ-ს წევრები შეხვდნენ და მოინახულეს ქართველი მებრძოლებიც. გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ზემოხსენებული ვიზიტების ხარჯები პარტიის მიერ არ იყო გაწეული.
სიცრუეზე აგებული მსგავსი ქმედებები აზიანებს არა მხოლოდ ცალკე აღებულ პარტიას ან რომელიმე ლიდერს, არამედ ჩვენს საერთო ბრძოლას და გვაშორებს ჩვენი ეროვნულ მიზანს.” ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.